გაერთიანებულ და წარმატებულ საქართველოს გადამწყვეტი როლი ენიჭება კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, კერიმ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ არის მიმართული.
“აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც ეკონომიკურ გავითარებაზე ფოკუსირებას, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას გულისხმობს. გვჯერა, ერთიანი, დამოუკიდებელი, წარმატებული საქართველო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და სტაბილური კავკასიისთვის. ჩვენ ასევე ვაფასებთ ავღანეთში, საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციასა და აქტიურ როლს ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მის ძალისხმევას ამ მიმართულებით”, – განაცხადა კერიმ.