როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბის სამრეწველო და ავტო დიზაინერი, ზვიად ციკოლია, თბილისში, ხელოვანთა ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. დედა, მედეა ბუხრაძე, პროფესიით მსახიობი, ხოლო მამა, ვალერიან ციკოლია – რეჟისორი გახლდათ.
იშვიათად თუ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი პროფესია, ინტერესები და მისწრაფებები ბავშვობაშივე ჩამოყალებებული და განსაზღვრული აქვთ. ზვიად ციკოლია სწორედ ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება – 8 წლის ასაკში ნორჩი ტექნიკოსების წრეზე დაიწყო სატრანსპორტო დიზაინის შესწავლა. საბჭოთა კავშირის რუტინულ და პასიურ ცხოვრებას მისთვის ხელი არ შეუშლია სასურველი მიზნების მიღწევისთვის ებრძოლა და ნელ-ნელა, ღირსეულად დაემკვიდრებინა თავი სხვადასხვა მსოფლიოს წამყვან სამრეწველო თუ ავტო დიზაინერთა შორის. საქართველოში კი, მას განსაკუთრებული მოწონება და პოპულარობა პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი 1-ის, დიდგორი 2–ის და დიდგორი 3-ის დიზაინი შექმნამ მოუტანა.
სუბიექტური არ ვიქნები ალბათ, თუ ვიტყვი, რომ ამჟამად, 44 წლის ზვიადი კვლავ გამორჩეული, კრეატიული, ინდივიდუალური და ინოვაციური ხელწერის დიზაინერია.
„თბილისი თაიმსს“ ზვიად ციკოლია საკუთარ კარიერაზე, გამოწვევებზე და ავტო სამყაროზე ესაუბრა.
კარიერის დასაწყისში, ავტომობილების დიზაინის ან თუნდაც სხვა სამრეწველო პროდუქტის შექმნის დროს, რომელიმე სხვა დიზაინერების გავლენას თუ განიცდიდით ხოლმე?
– ბავშვობიდან მე იტალიურ სკოლაზე ვიზრდებოდი. ის მცირერიცხოვანი წიგნები და ლიტერატურა რაც გამაჩნდა ეძღვნებოდა ძირითადში იტალიური დიზაინის სკოლას, თუმცა აქვე დავძენ, რომ ინგლისურმა სკოლამაც საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა.
საინტერესოა, თქვენ, როგორც პროფესიონალი, რომელ პროექტს მიიჩნევთ სრულყოფილად, როგორც ავტო ისე ავია ინდუსტრიაში?
– საავტომობილოში კლასიკურ მინის. საავიაციოში ასევე ინგლისურ სუპერმარინ სპიტფაერს.
თქვენ მიერ განხორციელებული პროექტებიდან რომელიმეს თუ გამოარჩევდით?
– ამაზე ბევრჯერ ვისაუბრე და კიდევ გავიმეორებ, ეს არის “დიდგორის” პროექტი.
ინდივიდუალურად თუ სხვადასხვა წამყვან კომპანიებთან ერთად უამრავი წარმატებული პროექტი განახორციელეთ, რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
– ჩემს შინაგან ინტუიციას ვენდობი! ამას ემატება გამოცდილება.
თავად რომელი ავტომობილის მომხმარებელი ხართ და რომელს არ იყიდდით არასდროს?
– თავად ჰიუნდაი გეცით დავდივარ და ძალიან ვაფასებ ამ ავტომობილს. არ ვიყიდიდი პონტიაკ აცტეკს და მერსედესის E210.
რომელ ფერს ანიჭებთ უპირატესობას?
– გააჩნია დროს, ობიექტს, განწყობას.
რამდენად ტრადიციული ან სტერეოტიპული ადამიანი ხართ და, როგორ ფიქრობთ, რამდენად კვეთს ეს ორი ერთმანეთს?
– არანაირად. ვერც ვიქნები ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სტერეოტიპულად აზროვნებასთან.
დიზაინერის თვალით დანახული თბილისი როგორია?
– ჰაეროვანი, მწვანე, მყუდრო. ქალაქი რომელიც სამოთხეს უწევს კონკურენციას.
სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
– გეგმებზე ვერ გესაუბრებით რადგან უფრო იმპროვიზირებულად ვცხოვრობ და ვმუშაობ.
რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც გზის დასაწყისში არიან?
– მიზნებს ნუ უღალატებენ და პატარა დაბრკოლებაზე უკან ნუ დაიხევენ!
მარიამ ტაკაშვილი