თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
“თბილისის ბაგა-ბაღების რამდენიმე გათავისუფლებული დირექტორი, გარკვეულ ჯგუფებთან ერთად ცდილობს, პროცესები პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და ბაღების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოუწოდებს ბაგა-ბაღების ყველა თანამშრომელს, ნუ ჩაერთვებიან ხელოვნურად მართულ პროცესებში, ნუ ჩაშლიან სააღმზრდელო პროცესს და ნუ შეუქმნიან მშობლებს დისკომფორტს თავიანთი უპასუხისმგებლო საქციელით.
გვინდა მოგმართოთ, რომ თუ კიდევ გაგრძელდება სააღმზრდელო პროცესის ჩაშლის მცდელობა, ნებისმიერი თანამშრომელი აგებს პასუხს საბავშვო ბაღის წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად სააღმზრდელო პროცესის ჩაშლისთვის.
მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერად მოეკიდოთ თქვენს სამუშაოს, დაკისრებულ მოვალეობას და ნუ ჩაერთვებით პროცესების პოლიტიზების მცდელობაში”, – ნათქვამია ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.