“ხელგაშლილი საგადასახადო რეფორმა! საგადასახადო შეღავათები – ყველასათვის! ესეთია მთავრობის „რეფორმატორული ინიციატივა“. ანუ ესე აჟიტირებული მოგების 15%-ანი გადასახადის კომპანიებისათვის დაზოგვა. ერთი შეხედვით ეს საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯია, ეკონომიკის რეალური სექტორის წარმომადგენლებისათვის. მაგრამ ნამდვილად ესეა საქმე? ამ კითხვას, რომ გავცეთ პასუხი, აღნიშნულ რეფორმას უნდა შევხედოთ განსხვავებული რაკურსით.
პირველი კითხვა, რომელიც იბადება – ეს არის დივიდენდების დაბეგვრის საკითხი. მაშინ, როდესაც გაცემული დივიდენდები (გაუნაწილებელი მოგება, რომელიც მიემართება დივიდენდების გაცემაზე) ექვემდებარება ორ-საფეხურიან დაბეგვრას (მოგების გადასახადი – 15% და დივიდენდებზე საშემოსავლო – 5%) – ხომ არ გამოიწვევს ეს საინვესტიციო პროცესის შეფერხებას? ბუნებრივია, რომ უმეტესწილად აქციონერები (თუ მეწილეები) პირველ რიგში დაინტერესებულნი არიან ზუსტად რომ სადივიდენდო შემოსავლების მიღებაში. ეს იმიტომ, რომ ჩვენთან საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობის პირობებში, აქციონერებს პრაქტიკულად არ გააჩნიათ – აქციების კურსის ზრდის შემთხვევაში – დადებითი საკურსო სხვაობიდან გამომდინარე ე.წ. „საკურსო შემოსავლის“ მიღების შესაძლებლობა. ზუსტად ამის გამო სააქციო საზოგადოებების აქციონერთა ინტერესი ძირითადათ მდგომარეობს დივიდენდების მიღებაში, აღარაფერი რომ ვთქვათ ე.წ. „შპს“-ების დამფუძნებლებზე.
ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ! ამიტომაც, ნებისმიერი სიტუაციიდან მოვნახავთ გამოსავალს!
მაგალითად, გაუნაწილებელი მოგების ნაწილს მივმართავთ „ბიძაშვილის“ კომპანიის დასაფუძნებლად (საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით, რომელიც არ დაიბეგრება), ან „მამიდაშვილს“ დაუკვეთავთ რაიმე „ბუტაფორიული“ სამუშაოს შესრულებას (მომსახურეობის სახით), ანდა „მამიდას“ გავაკეთებინებთ სრულიად უსარგებლო მარკეტინგულ კვლევას … და ა.შ. მოკლედ მოინახება გზები, თუ როგორ მივმართოდ ეს „საგადასახადო დანაზოგი“ საკუთარი თავის საკეთილდღეოდ – დივიდენდების მიღების სანაცვლოდ!
სხვა კუთხით, რომ შევხედოთ – იბადება კიდევ ერთი საინტერესო კითხვა! რა არის უფრო სწორი ამ შემთხვევაში – თანასწორობა, თუ სამართლიანობა და პრიორიტეტები? მაგალითად, როგორ შეხედავდით პირობითად მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ მან გამოაცხადოს საგრანტო დაფინანსება ყველა აბიტურენტისათვის, მიუხედავათ იმისა, თუ როგორ ჩააბარეს გამოცდები და როგორია მათი სწავლის დონე? როგორ ფიქრობთ – ხომ არ მოსპობს ეს ხარისხიანი სწავლის მიმართ აბიტურიენტთა მოტივაციას? საერთოდ უნდა ითქვას, რომ საგადასახადო შეღავათების პრაქტიკა (ყველა განვითარებულ ქვეყანაში) ეფუძნება მთავრობის მიერ დადგენილ – ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკის რეალური ბიზნეს-სექტორის განვითარებაზე.
ამის კარგი მაგალითია: – საინვესტიციო საქმიანობა, რომელიც პირდაპირ ასტიმულირებს გრძელვადიან დაბანდებებს; – ფინანსური ლიზინგი, რომელიც ქმნის ახალი საწარმოო ტექნოლოგიების, ქვეყანაში შემოტანის წინაპირობებს; – ისეთი საკრედიტო საქმიანობა, რომელიც მიმართულია რეალური ბიზნესის (და მათ შორის ბიზნეს-პროექტების და Start-up – ბის) დაფინანსებაზე და ა.შ. იმისათვის, რომ შექმნათ ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების და სტიმულირების (და მოტივაციის) წინაპირობები – საგადასახადო შეღავათები უნდა „მივაბათ“ ზუსტად რომ ასეთი სახის ბიზნეს-პროცესებს. როდესაც ჩვენ მივყვებით თანასწორობის (და არა სამართლიანობის და პრიორიტეტების) პრინციპს – იკარგება მოტივაცია და ვერ ვითარდება ეკონომიკური საქმიანობის ის მიმართულებები, რომლებმაც თავის დროზე „ააშენეს“ ამერიკა და ევროპა!
ამიტომ, სანამ რაიმეს დავაკანონებთ, კარგი იქნებოდა კვალიფიციური რჩევების მოსმენაც! სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ჯერ რაიმეს ვაკეთებთ და მერე შეიძლება დავფიქრდთ… და შეიძლება არა…” – წერს საკუთარ ფეიზბუქ გვერძე საინვესტიციო ექპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი.