საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, 26 მარტიდან 9 მაისის ჩათვლით, გაიმართება ფესტივალი „თბილისი – 2016 თანამედროვე მუსიკის საღამოები“. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ჩრდილების სახელმწიფო თეატრი „ბუდრუგანა გაგრა“, კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და უცხოელი მუსიკოსები.
„თბილისი – 2016 თანამედროვე მუსიკის საღამოები“ 26 მარტს, 18:00 საათზე რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე „ბუდრუგანა გაგრას“ სპექტაკლით „უპატრონო ურო“ გაიხსნება.
ფესტივალი ყოველწლიურად მასპინძლობს თანამედროვე მუსიკის ექსპერტ-შემსრულებლებს და გამოჩენილ კომპოზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „თანამედროვე მუსიკის საღამოებში“ მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი ანსამბლები, როგორიცაა ფრაიბურგის ანსამბლი „Recherche“, პარიზის ანსამბლი „Court-Circuit“, ისრაელის ანსამბლები „Contemporary Music Players“ და „Meitar“; კომპოზიტორები: იზაბელ მუნდრი (გერმანია), ფილიპ იურელი (საფრანგეთი), ჰანს ტუჩკუ (გერმანია), დან იუხასი (ისრაელი), საფრანგეთის უკვდავთა აკადემიის წევრი ფრანსუა-ბერნარ მაში (საფრანგეთი), ისრაელში მოღვაწე კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი; შემსრულებლები საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ლიტვიდან და სხვა ქვეყნებიდან.