“სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ბოლო პერიოდში სხვადასხვა ჯგუფების და პირების მხრიდან საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით მუსლიმი თემის და მუსლიმთა სამმართველოს სახელით სპეკულირებით ღრმად შეშფოთებულია. მუსლიმთა სამმართველო მიმართავს ყველას არ მოხდეს მომავალში კიდევ ერთხელ მუსლიმი თემის სახელით მანიპულირება საკუთარი მიზნების მისაღწევად.”-ნათქვამია განცხადებაში რომელიც სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ გუშინ ვაგიფ აქპეროვის ინტერვიუსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
შიიტ მუსლიმთა ყოფილი ლიდერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ზეწოლაში, შანტაჟში და მუქარაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ “შსს-ს წარმოამადგენლები პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებითა და საზოგადოებაში ავტორიტეტის შელახვით დაემუქრნენ”, რის ნიადაგზეც იძულებული გახდა დაეწერა განცხადება გადადგომის შესახებ, რომელიც სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ დააკმაყოფილა. მუსლიმთა სამმართველო აქპეროვის თანამდებობიდან გადაყენების განსხვავებულ, როგორც თავად უწოდებენ “რეალურ მიზეზებზე” საუბრობს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI)“ გამართა ბრიფინგი, სადაც „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ყოფილმა შეიხმა, ვაგიფ აქპეროვმა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ისაუბრა მის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულებისა და ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ.
ვაგიფ აქპეროვის მტკიცებით 2013 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით, საღამოს 6-7 საათზე მას დაურეკა უცნობმა პირმა, რომელმაც უთხრა რომ წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა მისი მისვლა შეხვედრაზე იმავე დღის საღამოს 9 საათზე, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე „მოდულის“ შენობაში. საუბრის დროს მას კატეგორიულად აუკრძალეს პრესასთან ურთიერთობა და მოსთხოვეს, რომ შეეწყვიტა მეჩეთში სიარულიც. მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შსს-ს წარმოამადგენლები პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებითა და საზოგადოებაში ავტორიტეტის შელახვით დაემუქრნენ. ამასთანავე, საუბარში ხშირად უხსენებდნენ შვილებს და რამდენჯერმე მიანიშნეს, რომ შვილების ინტერესებისთვისაც აჯობებდა, დაეწერა განცხადება და დაეტოვებინა თანამდებობა, რაც აქპეროვის მიერ შეფარულ მუქარად იქნა აღქმული და მას გაუჩნდა შიში, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრებს საფრთხე შეექმნებოდათ. ზეწოლიდან გამომდინარე იძულებული გახდა დაეწერა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, რომლიც 2014 წლის 9 იანვარს „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ კრებაზე, რომელიც ამ ორგანიზაციის არჩეულმა რელიგიურმა საბჭომ დააკმაყოფილა. “მოდულის შენობაში” განცხადების იძულებით დაწერის შემდეგ, 2014 წლის თებერვალ-მარტის თვეებში ვაგიფ აქპეროვს უკავშირდებოდნენ უცნობი პირები (მისი ვარაუდით, შსს-ს თანამშრომლები), იბარებდნენ და სთავაზობდნენ სამსახურს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, ასევე, გარდაბანში არსებული თბოელექტროსადგურის (ე.წ. „გარდაბნის გრესი“) დირექტორის მოადგილის თანამდებობას, სოლიდურ ხელფასსა და შეღავათებს. ყველა შემოთავაზებულ პოზიციაზე აქპეროვმა კატეგორიული უარი განაცხადა.
ვაგიფ აქპეროვის ინტერესებს „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)” იურისტები იცავენ, რომლებიც მოითხოვენ დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართალის დანაშაულზე საქმე აღიძრას.
სახალხო დამცველმა აღნიშნული საქმის შესწავლა ნახევარი წლის წინ საკუთარი ინიციატივით დაიწყო. 2016 წლის 28 მარტს კი თავად ყოფილმა შეიხმა განცხადებით მიმართ, რომელშიც იგი აღნიშნული ფაქტების შესწავლასა და სახელმწიფოსგან შესაბამის რეაგირებას ითხოვს.
შეიხის ბრალდებებს უპასუხეს მუსლიმთა სამმართევლოში, სადაც აქპეროვის თანამდებობიდან განთავისუფლების რეალურ მიზეზად მის კრიმინალურ წარსულს, არასათანადო რელიგიური განათლებას და იმ პერიოდში შიიტი მუსლიმების მხრიდან მისი გადაყენების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებს ასახელებენ.
“ვაგიფ აქპეროვის შეიხის თანამდებობიდან განთავისუფლება მოხდა მისი განცხადების საფუძველზე. მუსლიმთა სამმართველოს აღმასრულებელი დირექტორის სახელზე განცხადების დაწერა ფორმალური მიზეზით იყო გამოწვეული, რადგან შეიხი, სუნიტი მუფტის (სუნიტური მიმდინარეობის სულიერი ლიდერის) სახელზე განცხადებას პრინციპული მოსაზრებებიდან გამომდინარე არ დაწერდა, აღმასრულებელი დირექტორი კი, რელიგიური პირი არ არის და მხოლოდ ადმინისტრაციულ ფუნქციას ასრულებს. ვ. აქპეროვის განცხადება შიიტების რელიგიურ საბჭოს წარედგინა განსახილველად, შიიტურმა რელიგიურმა საბჭომ განიხილა და დააკმაყოფილა ვ. აქპეროვის განცხადება. მისი განთავისუფლება მუსლიმთა სამმართველოს წესდების თანახმად აღმასრულებელი დირექტორის კომპეტენციაში არ შედის და ამის შესახებ თვითონ ვაგიფ აქპეროვმაც კარგად იცის.
ვაგიფ აქპეროვის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების დაწერის მიზეზთან დაკავშირებით მუსლიმთა სამმართველო რეალურ მიზეზებს განმარტავს:
- ვ. აქპეროვი არ სარგებლობდა ავტორიტეტით შიიტ მუსლიმებში მისი კრიმინალური წარსულისა და არა სათანადო რელიგიური განათლების გამო.
- ვ. აქპეროვის გადადგომის მოთხოვნით იმ პერიოდში შიიტ მუსლიმთა საპროტესტო აქციები იმართებოდა ქვემოქართლში.
ვ. აქპეროვის გადადგომის შემდეგ ეს პროცესები ჩაცხრა და ის ხალხი, ვინც ვ. აქპეროვის პერსონის გამო უპირისპირდებოდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, დღეს მუსლიმთა სამმართველოს წევრები არიან. ვ. აქპეროვის პიროვნების შესახებ კი თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ შეიხად ყოფნის პერიოდში სხვადასხვა გზებით მიაღწია იმას, რომ მისი ავტომანქანა აღჭურვილი იყო სპეციალური ხმოვანი და ციმციმა სიგნალებით, რასაც ხშირად იყენებდა და შსს-ს მაღალჩინოსანივით გადაადგილდებოდა გზებზე. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ბოლო პერიოდში სხვადასხვა ჯგუფების და პირების მხრიდან საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით მუსლიმი თემის და მუსლიმთა სამმართველოს სახელით სპეკულირებით ღრმად შეშფოთებულია. მუსლიმთა სამმართველო მიმართავს ყველას არ მოხდეს მომავალში კიდევ ერთხელ მუსლიმი თემის სახელით მანიპულირება საკუთარი მიზნების მისაღწევად.”-აღნიშნავს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო.
დაიწყებს თუ არა პროკურატულა გამოძიებას შესაძლო სისხლის სამართლის გადაცდომებზე უცნობია, განცხადება არ გაუკეთებიათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
სოფიკო ნინიკაშვილი