ბოლნისის რეგიონის გარემოსდაცვით პრობლემებთან დაკავშირებით ქართველი მეცნიერები გერმანელ კოლეგებთან ერთად შემაშფოთებელ დასკვნებს აკეთებენ. გისენის ლიბიგის უნივერსიტეტისა და თსუ-ს მეცნიერები, ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით, ერთობლივად, რამდენიმე წელი მუშაობდნენ სამეცნიერო პროექტებზე. მათი მიზანი ბოლნისში სარწყავი წყლის ნიადაგზე გავლენის შესწავლა იყო. კვლევითი სამუშაოები ორ ეტაპად მიმდინარეობდა -2000-2003 და 2009-2012 წლებში.
რბილი ჰავისა და ნაყოფიერი ნიადაგის წყალობით, ბოლნისის რეგიონის მოსახლეობას წელიწადში საშუალოდ სამი მოსავალი მოჰყავს. რაიონში ფუნქციონირებს კარგად განვითარებული სარწყავი სისტემა, რომელიც სათავეს მდინარე მაშავერადან იღებს. მის პარალელურად კი რეგიონში არსებობს მრავალი საწარმო. საქართველოს მხრიდან პროექტის კოორდინატორის, თსუ-ს პროფესორის ბესიკ კალანდაძის ინფორმაციით, „ამ ელემენტების ჯამური შემცველობა ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე, რამდენჯერ მეტია. ასევე მაღალია თუთიისა და კადმიუმის ჯამური ფორმებიც“.
მისივე განმარტებით, მდინარეების დაბინძურებას, როგორც პირდაპირი შედეგი, მოჰყვება ნიადაგების დაბინძურება მძიმე მეტალებით.
კვლევის ავტორთა მონაცემებით, სპილენძის, თუთიის, კადმიუმის და სულფატების ჯამური შემცველობა კაზრეთულაში ბევრად აღემატება ზედაპირული წყლებისთვის დასაშვებ კონცენტრაციას.
კვლევის პერიოდში მეცნიერებმა შეისწავლეს სხვადასხვა დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო ნიადაგები: ხილის ბაღები, ვენახები, ბოსტნები და მარცვლოვანი კულტურის ნათესები: მორწყული მარცვლოვანი კულტურის 29 ნათესი, 49 ბოსტანი, 33 ხილის ბაღი და ვენახი. სპილენძის შემცველობის მაქსიმუმი ნათესებში 450 მგ-ს შეადგენს, ბოსტნეულის ბაღებში 1100 მგ-ს და ვენახებში ეს მაჩვენებელი ყოველ კილოგრამზე 3000 მგ-ს აღწევს.
ბოლნისის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მნიშვნელოვნადაა დაბინძურებული მძიმე მეტალებით, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს კულტურული მცენარეების დაბინძურებას. ეს ძალზე საგანგაშო ფაქტია, რადგან როგორც ცნობილია, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ისპანახი მძიმე მეტალების კარგი შემთვისებელი და დამგროვებელია, ისევე როგორც კარტოფილი, სტაფილო და სხვა.
მკვლევართა დასკვნით, როგორც ჩანს, სპილენძის შემცველობა განსხვავებულია გამოყენების ფორმის მიხედვით და იმის მიხედვით, თუ რა სიხშირით და რა რაოდენობით ხდებოდა ნიადაგების მორწყვა.
ნათია კეკენაძე
წყარო : ჟურნალი „თსუ მეცნიერება“