დღესაც დამხვდნენ სადარბაზოსთან. ხომ ვიცი არა, მომენტით სარგებლობენ. ამ სემესტრში ადრე ღამდება, ლექციების უმეტესობასაც 9 საათზე ვამთავრებ, თან ჩემს სადარბაზოში შუქი მხოლოდ მესამე სართულის შემდეგ ინთება. არა, არც დასაკეცი დანა გაუშლია რომელიმეს და არ ტყავის „კურტკის“ გახდა მოუთხოვია, მით უმეტეს, რომ არც მაქვს ეს უკანასკნელი. უბრალოდ, როგორც ყოველთვის, ჩემი გამოჩენისთანავე ყველაზე მაღალმა რაღაც სალანძღავი სიტყვა ჩაიბურტყუნა და მსუბუქი ხელისკვრით შემაგდო ჩემსავე სადარბაზოში. დანარჩენებიც შემოგვყვნენ. ბოლოს შემოსულმა მძიმედ მიხურა კარი.
– აბა, რა მოიფიქრე? – კბილებში გამოსცრა ყველაზე მაღალმა.
– ღმერთო, რატომაა პირველი სამი სართული სამუდამო წყვდიადისთვის განწირული? -გავიფიქრე მე და ზევით ავიხედე.
– რას იყურები აქეთ-იქით, ხომ იცი, ახლა შენ გარდა მაინც ვერავინ გვხედავს – შემიღრინა ისევ.
– ღმერთო, როდის გადამეკიდა? ა, ხო, გამახსენდა, ჩემი უნარების ქულის გამოქვეყნების შემდეგ. მანამდე პირისპირ ნანახი არც მყავდა, მაგრამ ვგრძნობდი მის ახლოს ყოფნას. ბავშვობაში ბებიაც მიყვებოდა მისი არსებობის შესახებ. იმ დღეს, ჩემი უნარების ქულის გამოქვეყნების შემდეგ, მეგობართან წავედი დაძმარებული და სახლში გვიან დაბრუნდი. მაშინ ჩემს სადარბაზოში საერთოდ არ ინთებოდა შუქი. ნაპირებჩამომტვრეულ კიბეებს ავუყევი და მივხდი, იქ იყო. მივიხედე. ლიფტთან იდგა. კედელზე ცალფეხმიყუდებული.
– დაჯექი – მითხრა მკაცრად. დავჯექი. მერე ის დიდხანს სცემდა ბოლთას და კითხულობდა მორალს ჩემს დაუკვირვებლობასა და წინაუხედაობაზე. ამ ხნის განმავლობაში, ავლილ- ჩავლილ-შემოვლილი მეზობლები ვერ ხედავდნენ მას, მაგრამ უცნაურად მიყურებდნენ მე და მეც თავდაუზოგავად ვტუოდი, რომ არაფერი არ ხდება, უბრალოდ მეგობარს ველოდები.
მალე საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა და ისევ შევხვდით. ისევ ლიფტთან იდგა, კედელზე ცალფეხმიყუდებული. მივხვდი, თემა ჩემი 50%-იანი გრანტი იქნებოდა.
გაიცანი,- დაიწო მან , ეს მშობლების იმედების გამართლების პასუხისმგებლობაა, ეს კი -ნათესავებისა და ახლობლებისთვის შენი ცხოვრების მოწონების ვალდებულება. დღეიდან ისინიც გაგაკონტროლებენ. პირველს ნაღვლიანი თვალები ჰქონდა, მეორეს – გრძელი ცხვირი. პირველი მხოლოდ მხრებს იჩეჩავდა და თავს აქეთ-იქეთ აქნევდა, მეორეს ენა არ გაუჩერებია: „რა ვიცი, სკოლაში კარგად სწავლობდი და“.. „გელას ძმისშვილი როა, ვანო, მაგას აუღია 100%-იანი გრანტი“.
მერე ჩავაბარე და თანდათან ყველაფერი უფრო გართულდა. ჯერ მივიწებული მეგობრების მოკითხვის ვალდებულებამ მოუხშირა ქვევით დახვედრას, შემდეგ ნიჟარაში ჩაყრილი ჭურჭლის გარეცხვის ვალდებულებამ აუწია ხმას. მათ დროდადრო ოჯახის შექმნის ვალდებულება შემოჰყვება ხოლმე სადარბაზოში თავისი ჰიპოთეზებით და მოსაზრებებით ჰარმონიული ოჯახის შემნის თაობაზე. ეჰ, ცხრილი ისე მაინც შემედგინა, ლექციებს ღამით რომ არ ვამთავრებდე. მემგონი, სინათლის რაღაცნაირად ეშინიათ.
– რა მოიფიქრე-მეთქი – მეკითხება ისევ ყველაზე მაღალი
– ღმერთო, რატომ არავინ არ ცვლის ამ სადარბაზოში გადამწვარ ნათურებს – ვფიქრობ მე და ზევით ვიყურები.
– რა მოიფიქრე-მეთქი, შენ გეკითხები. კიდევ დიდხანს აპირებ ასე ხეტიალს? უსამსახუროდ, უფულოდ, მშობლების ხარჯზე.. შეხედე სხვებს, როგორ სწრაფად მიიწევენ მწვერვალებისკენ.
– ხო, რა ვიცი, გელას ძმისშვილი როა, ვანო, 17 წლიდან მუშაობს და.. – თავის აზრს აკვეხებს ნათესავებისა და ახლობლებისთვის ჩემი ცხოვრების მოწონების ვალდებულება. მშობლების იმედების გამართლების პასუხისმგებლობა მხოლოდ თავის აქეთ-იქეთ ქნევით და შიგადაშიგ “ნწ, ნწ” შორისდებულების ჩართვით შემოიფარგლება. თავისი წილი საჩივრები აქვთ სავარძელში მიყრილი ტანსაცმლის გაუთოვებისა და ნიჟარაში ჩაყრილი ჭურჭლის გარეცხვის ვალდებულებებსაც, მაგრამ მათი სიტყვები ნაწილ-ნაწილ მესმის, აზრი ვერ გამომაქვს.
– არ ვუპასუხებ, მობეზრდებათ და წავლენ.. არ ვუპასუხებ, მობეზრდებათ და წავლენ -ვბურტყუნებ ჩემთვის და დაბლა ვიყურები.
ოჯახის შექმნის ვალდებულებაც ერთვება საერთო ქაოსში თავისი გამყინავი ხმით: -ყველაფერი ნაადრევი კარგია სიკვდლის გარდა, ყველაფერი ნაადრევი კარგია სიკვდლის გარდა.
სუნთქვა შეუძლებელია. რაღაც ჭრელ წერტილებს ვხედავ და თვალთ მიბნელდება(მერე რა, რომ სადარბაზოში ისედაც ბნელა) აი ცოტაც და უჰაერობისგან დავიხრჩობი. მერე რაც უნდათ ის ქნან.. ისედაც როგორ მომბეზრდა.. არა, მერე მართლა რა უნდა ქნან? წინასწარ მეცინება. აი, სულ ცოტაც და..
-კარგი, დღეისთვის საკმარისია, დავიშალოთ -ამბობს ყველაზე მაღალი და ფართოდ ხსნის სადარბაზოს კარს. სიბნელეში შემოჭრილი ჰაერის ნაკადი დახრჩობის ყოველგვარ იმედს მისპობს.
სადარბაზოდან ერთმანეთის მიყოლებით გადიან.
– აუ, სინდის, შენ საით?
ყველაზე მაღალი წამით ჩერდება და უკანმოუბრუნებლად პასუხობს: -მეტროსკენ, თქვენ?
– ა, არა, ჩვენ ავტობუსი გვაწყობს.
ანი ვარდოსანიძე