თბილისში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით აპლიკაცია 10 000-მდე დევნილმა ოჯახმა შეავსო. ბენეფიციარებთან ყოველდღიური კომუნიკაციისას გამოიკვეთა, რომ თბილისში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახების მნიშვნელოვან რაოდენობას სააპლიკაციო ფორმა ჯერ კიდევ არ აქვს შევსებული.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა ბრიფინგი გამართა.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2016 წელს დევნილი ოჯახებისთვის გადასაცემ 400 ბინაზე დამატებითი განაცხადები მიიღება.
თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების აპლიკაციების მიღება 6 აპრილს დაიწყო და 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
400 ბინიდან – 200 თბილისის ზღვაზე, ე.წ „ოლიმპიურ სოფელში“ მდებარეობს, 200 ბინა კი სამინისტრომ ახალაშენებულ კორპუსში „მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის“ პროექტის ფარგლებში შეიძინა.
საცხოვრებელი ფართები 2 ეტაპად განაწილდება. თბილისის ზღვაზე არსებულ ბინებს დევნილი ოჯახები 2016 წლის აგვისტოს დასაწყისში მიიღებენ. მენაშენეებისგან გამოსყიდული საცხოვრებელი ფართები კი დევნილებს 2016 წლის სექტემბრის ბოლოს გადაეცემათ.
განაცხადები მიიღება ქალაქ თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქ. N16-ში.