წარმატებული ქალბატონი, როგროც კარიერულ, ისე პირად ცხოვრებაში ბევრი ჩვენგანის იდეალი ყოფილა – წიგნებიდან, ფილმებიდან და ისტორიებიდან სასურველი, თუმცა, თითქოს ყველასთვის მიუწვდომელი და ერთეულებისთვის განკუთვნილი. მართლაც, რომ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ მუხლმოუყრელად შრომა და მიზნისკენ სწრაფვა ისე, რომ ინარჩუნებდნენ თავმდაბლობას, მეგობრების სიყვარულს და გვერდით ძლიერ ოჯახს. დღეს კი პატივი მაქვს სწორედ ასეთი ქალბატონი წარმოგიდგინოთ.
ტურისტული კომპანიის Go tour-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნინო წიკლაური – ქარიზმატული, ძლიერი, წარმატებული, შრომისმოყვარე, საკუთარი საქმის პროფესიონალი, მზრუნველი მეუღლე და დედა, რომელმაც დიდი შრომისა და ნებისყოფის ხარჯზე შეძლო ჰობი საყვარელ საქმედ ექცია და დიდი წარმატებისთვისაც მიეღწია. ჩემთვის ეს პიროვნება და დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც, ნამდვილ სტიმულად იქცა.
The Tbilisi Times გთავაზობთ მასთან ინტერვიუს, სადაც უკეთსად გაიცნობთ ნინოს საქმიანობას, ყოველდღიურ ცხოვრებას და წარმატების ფორმულას.
მოგვიყევით თქვენი ბიოგრაფია მოკლედ, რას საქმიანობდით სანამ საკუთარ ბიზნესს დაიწყებდით?
– დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვარ ეკონომისტი. საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე ვმუშაობდი ეკონომიკურ სააგენტო “სარკეში” საკმაოდ დიდი ხანი, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ჩემი უფროსისა და რედაქტორის დამსახურებით, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ ტურისტული კომპანია go tour-ი?
– გამომდინარე ჩემი სამსახურიდან, სადაც ადრე ვმუშაობდი, მუდმივად მქონდა შეხება ტურიზმის სფეროსთან. რამდენიმე წელი გერმანიაში ვცხოვრობდი და ამ ყოველივედან გამომდინარე მოგზაურობა ჩემთვის ყოველთვის იყო ერთ-ერთი ჰობი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი ჰობი უკვე სერიოზულ და ამავდროულად სასიამოვნო საქმედ მექცია და აი უკვე სამი წელია Go Tour-ი ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს.
ვინ იქონია გავლენა თქვენი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში?
– რასაკვირველია ყველა ადამიანიანის ფორმირებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს მისი ოჯახი და ის გარემოცვა სადაც იზრდება. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, მყავს სამი ძმა და ჩვენ ოთხნი, მშობლებთან ერთად, ყოველთვის ერთი დიდი, თბილი და მხიარული ოჯახი ვიყავით. ჩემი ოჯახის მხრიდან მუდმივად მქონდა მხარდაჭერა იმისათვის, რომ მე წარმატებისთვის მიმეღწია და ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე რთული მაგრამ ჩემთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, ჩემი გერმანიაში გაშვება იყო.
როგორია გზის დასაწყისი წარმტებისკენ? როგორ დაიწყო თვენი კარიერა?
– თუ გინდა იყო წარმატებული ამისათვის აუცილებლად გჭირდება დიდი ძალისხმევა და შრომა. სწორედ ასე დავიწყე მეც. დიდი შრომისა და მონდომების შედეგად მივაღწიე იმას, რაც დღეს მე მაქვს და რასაც დღეს მე წარმოვადგენ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მსოფლიო და განსაკუთრებით საქართველო, პატარაა იმისთვის, რომ შენი განვლილი ცხოვრება უკან დარჩეს, ის აუცილებლად იქნება მუდამ შენი თანმზდევი. დროთა განმავლობაში გაიზარდა ჩემი ნაცნობობისა და სამეგობროს არეალი და ალბათ, გარკვეულწილად ჩემი დღევანდელი წარმატება სწორედ მათი დამსახურებაცაა.
თუმცა, ყველაზე მთავარი როლი ამ შემთხვევაში ჩემს მეუღლეს ეკისრება, სწორედ მან მოახდინა ჩემი კომპანიის შექმნის გადაწყვეტილების ფორსირება და რისთვისაც მას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
თქვენ საქმიანი და წარმატებული ქალბატონი ბრძანდებით, რა არის თქვენთვის მუშაობის პროცესში მიუღებელი და ყველაზე მეტად, რა სირთულეები შეგხვდათ მუშაობის მანძილზე?
– არ მიყვარს ტყუილი! ამასთანავე არ მიყვარს უპასუხისმგებლობა. რასაკვირველია პატარ-პატარა სირთულეები მუდმივად არსებობს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პრობლემებმა შეგვაშინოს. ყველაზე რთული პრობლემიდანაც არსებობს გამოსავალი და ჩემს თანამშრომლებთან სწორედ ამ მიდგომით ვმუშაობ – ერთად ვეძებთ გამოსავალს, ერთად ვფიქრობთ, ერთად ვმსჯელობთ, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!
რა არის თქვენი კომპანიის ძირითადი უპირატესობები?
– მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე 500-მდე ტურისტული კომპანიაა წარმოდგენილი და შესაბამისად კონკურენციაც საკმაოდ მაღალია, Go Tour-ი 2015 წლის ბოლოს World Tourism Award-ის ერთ-ერთი ნომინაციის ფინალისტი გახდა. მუდმივად ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად კომპეტენტურები იმ საკითხში, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ. ვცდილობთ მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ კონკრეტულ მიმართულებაზე. ჩვენ ვართ იმ საქმის პროფესიონალები რასაც ვაკეთებთ!
რა არის მთავარი იმისათვის, რომ შენ საქმეში წარმატებას მიაღწიო?
– წარმატების მისაღწევად ისევ და ისევ ბევრი შრომაა საჭირო… ცოტა იღბალიც. ადამიანები ვინც თავის საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდებიან და სრულფასოვნად ასრულებენ, ადრე თუ გვიან ყოველთვის უფასდებათ.
ქართველ მომხმარებელს როგორ დაახასიათებდით?
– ქართველი მომხმარებელი, ტურიზმის კუთხით, სამ წლიანი მუშაობის გამოცდილებიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა რომ ნახტომისებურად განვითარდა. განსაკუთრებით ახალი თაობა მუდმივად ძიების პროცესშია და უფრო ნაკლებად ცნობილი და ლამაზი ადგილების მონახულებას ცდილობენ. მეტად ორგანიზებულები არიან და ადრევე იკავებენ თადარიგს რომ შედარებით დაბალ ფასად ისიმოვნონ მოგზაურობით. შესაბამისად, ქართულ სამომხმარებლო კალათაში სამოგზაურო ხარჯებმა უკვე დიდი ადგილი დაიკავა და დანაზოგების მოცულობაც ამ მიზნით გაიზარდა.
რა არის ის სტიმული, რომელიც რთულ სიტუციებში გეხმარებათ?
– სტიმული ისევ და ისევ ჩემი ოჯახი და მეგობრებია – ადამიანები ვინც მე მაძლიერებენ და მმატებენ ენერგიას.
ადამიანური ურთიერთობები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამ დამოკიდებულებით ვმუშაობ – თითოეული ჩვენი მომხმარებელი, ჩვენი მეგობარია.
მშვენიერი ქალბატონი ბრძანდებით, ალბად ხშირია კომპლიმენტები თქვენს მიმართ. ყველაზე სასიამოვნო და მისაღები ქათინაური რომელია და რა არის ის ქათინაური რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ?
– რასაკვირველია მაშინ როდესაც მუდმივად ბევრ ხალხთან მიწევს კონტაქტი ქათინაურებიც ბევრია. თუმცა, ქათინაური რომელიც ჩემს გულთან ყველაზე ახლოს მოდის და ამ ქვეყანდ ყველაზე ძვირფასია, ჩემს შვილებს ეკუთვნის, რომ ყველაზე კარგი დედა ყავთ მსოფლიოში.
ქალი ბიზნესმენისთვის რამდენად კომფორტულია ქართული ბიზნეს სივრცე? სტერეოტიპულები თუ ვართ ამ კუთხით?
– ამ კუთხით ალბათ ყველაზე ნაკლებად სტერეოტიპულები ვართ. ტურიზმში ძალიან ბევრი მდედრობითი სქესის წარმოამდგენელი მუშაობს და ძალიან კარგადაც უძღვებიან თავიანთ საქმეს.
რთულ სამუშაო გრაფიკთან ერთად,როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახსა და თქვენს საქმიანობას?
– ეს საკმაოდ რთულია, თუმცა რასაკვირველია ოჯახისთვის დრო ყოველთვის მაქვს, რადგან ჩემი ოჯახი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.
როგორი დედა ხართ, როგორც ვიცი ორი შვილი გყავთ, რამდენად ახერხებთ დიდი დრო დაუთმოთ მათ?
– დატვირთული დღის გრაფიკიდან გამომდინარე ვცდილობ ჩემს შვილებს არც ყურადღება მოვაკლო და არც „დატვირთვა“, ვცდილობ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო მათთვის, რათა წარმატებულ პიროვნებებად ჩამოვაყალიბო.
რა არის თქვენი სისუსტე?
– ჩემი სისუსტეც და ჩემი სიძლიერეც ჩემი ოჯახია.
თავისუფალ დროს, თვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება არის…
– ასეთი იშვიათია, თუმცა ვცდილობ ეს დროც კვლავ ჩემს შვილებს დავუთმო. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ თავისუფალი დრო ბავშვებთან ურთიერთობას, მათ გახალისებას დავუთმოთ.
თავად თუ გიყვართ მოგზაურობა, რომელმა ქვეყანამ მოახდინა განსაკუთრებული შთაბეჭდილება თქვენზე და რომელი ქვეყანაში იმოგზაურებდით სიამოვნებით?
– მოგზაურობა როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე ჩემი სისუსტე და საყვარელი ჰობია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოგზაურობა დასამახსოვრებელია, მე და ჩემი მეუღლე სწორედ ახლახანს ჩამოვედით ევროპიდან. ასე ცალსახად ვერ გამოვყოფ რომელიმე ქვეყანას. ყველას აქვს თავისი ხიბლი, თუმცა უპირატესობას მაინც ალბათ ზღვისპირა კურორტებს ვანიჭებ.
მარიამ ტაკაშვილი