ზუსტად 55 წელის წინ- 1961 წლის 12 აპრილს, საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა.
55 წლის წინ საბჭოთა კოსმოსური ხომალდი „ვოსტოკ 1“ კოსმოსში ყაზახეთის უდაბნოში განლაგებული კოსმოდრომიდან გაფრინდა. სხვათა შორის, გაგარინის კოსმოსური გაფრენა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. საბჭოთა საინფორმაციო სააგენტო “TASS-მა” ცნობა მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც საბჭოთა კოსმონავტი ორბიტაზე მშვიდობიანად გავიდა.
გაგარინის გაფრენა შეერთებულ შტატებთან კოსმოსურ შეჯიბრებაში საბჭოთა კავშირის გამარჯვებას ნიშნავდა. თურმე საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი სიხარულისაგან მაგიდაზე ცეკვავდა. თავად 27 წლის იური გაგარინისათვის, რომელიც ამ გაფრენისთვის ორი წლის განმავლობაში ემზადებოდა, ეს იყო კულმინაცია, რამაც მთელს მსოფლიოში მას უთვალავი თაყვანისმცემელი შესძინა.
მრავალჯერადი ცდებიც კი არ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ ხომალდი გადარჩებოდა. განსაკუთრებით საშიში ჩანდა არანორმალური სიჩქარე, რომელიც კოსმოსურ ხომალდს აფრენის შემდეგ უნდა განევითარებინა. თუმცა, 108 წუთიანი ფრენის შემდეგ, გაგარინმა უსაფრთხოდ დატოვა კოსმოსური ხომალდი და მოსკოვიდან 800 კილომეტრის დაშორებით მდებარე საკოლმეურნეო ფერმაში დაეშვა.
ნატალია ჯალაღონია