4-8 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი შემოქმედებითი (კრეატიული) ინდუსტრიების განვითარების მიმართულებით ესტონური მხარის გამოცდილების გაზიარება და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. აღნიშნული ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ესტონეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში, ლევან ხარატიშვილი ესტონეთის უწყებათაშორისი დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვდა ესტონეთის კულტურის მინისტრის მოადგილეს ჰილლარ სეინს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის, მრჩეველს კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით. შეხვედრაზე საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს; მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გეგმები კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრას ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი და ელჩის მრჩეველი ნატალია კიპაროიძეც დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა უწყებათაშორისმა დელეგაციამ ესტონეთის საზღვაო მუზეუმი დაათვალიერა, რომელშიც უძველესი გემების მოდელებისა და საზღვაო ინსტრუმენტების უმდიდრესი კოლექციაა დაცული. სამუზეუმო ექსპოზიცია მე-14 საუკუნეში აშენებული კოშკის – „Fat Margaret“ ტერიტორიაზეა განთავსებული. მუზეუმის დირექტორთან შეხვედრისას, რომელიც „ენგურჰესის“ მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ენგურჰესის” მუზეუმის კონცეფციის შემუშავების პროცესში ესტონელ ექსპერტთა გამოცდილების გაზიარებისა და მათი მონაწილეობის საკითხს.
დელეგაციამ ასევე დაათვალიერა ტალინის კრეატიული ჰაბი – „Kultuurikatel”, რომელიც აერთიანებს ესტონეთის დიზაინისა და არქიტექტურის ცენტრებს. ქართული მხარე ტალინის შემოქმედებით ინკუბატორსაც ესტუმრა, გაეცნო ინკუბატორის დაფინანსების სქემას და მის ფუნქციონირებას. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფმა ბიზნეს ჰაბი – „Telliskivi Creative City“ და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი „Vaba Laba“ მოინახულა, რომელიც დამოუკიდებელ ხელოვანებს (დასები, მუსიკოსები, მოცეკვავეები) საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის საშუალებას აძლევს.
ვიზიტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი „Enterprise Estonia“ -ს ეწვია, რომლის ქართული ანალოგიც „მეწარმეობის განვითარების სააგენტოა“. „Enterprise Estonia“ კულტურის მრავალ სფეროს მოიცავს და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაზეა ორიენტირებულია.
კულტურის სამინისტროს ეგიდით, სამუშაო ჯგუფმა შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვა წამყვანი ინსტიტუციებიც მოინახულა.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ექსპორტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფო ბენდიაშვილი, დედაქალაქის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომელი ანა ჩხიკვაძე, პროექტის “ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში” ხელმძღვანელი მარიკა ზაქარეიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სერგო კალაძე და ამავე დეპარტამენტის კულტურის პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომელი ნიკოლოზ ნადირაშვილი.