ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ევროპაში ქრისტიანული ეკლესიის რეფორმაციის 500 წლიან ტრადიციას აგრძელებს, რომელსაც საქართველოში რვაასი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით ასი მილიონი მიმდევარი ჰყავს. საქართველოს ლუთერულ ეკლესიას ეპისკოპოსი ჰანს–იოახიმკიდერლენი და სინოდის პრეზიდიუმი მართავს. ისინი ეკუმენიას მემხრობიან და სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.
The Tbilisi Times საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ისტორიაზე, მრწამსსა და სხვა სწავლებით საკითხებზე პასტორი ირინა სოლეი ესაუბრა.
“შერიგების ლუთერული ეკლესია” ასე აწერია ტაძარში შემოსასვლელ კარს. რას გულისხმობს “შერიგების”? ხშირად ხდება ხოლმე არევა თქვენი ეკლესიის სახეწოდებისა-“ლუთერანული” თუ “ლუთერული”. როგორია ეკლესიის სახელწოდება სრულად?
-სწორი სახელწოდებაა “ევანგელურ-ლუთერული ეკლესია”. ლუთერანული არის რუსული ენის გავლენით დამკვიდრებული, რაც არ არის სწორი. ჩვენი ეკლესია ქვეყნის მასშტაბით შედგება შვიდი მრევლისგან, თითოეულს განსხვავებული სახელი ქვია, მაგრამ მთლიანობაში ყველა ლუთერული ეკლესიის წევრები ვართ. მრევლი და ეკლეისია ერთი და იგივიეა. ეკლესიაა არაა მხოლოდ შენობა, აქ მთავარია მრევლი, მორწმუნეები, რომლებიც მოდიან სალოცავად. მაგალითად: თბილისში არსებულ ეკლესიას ჰქვია “შერიგების” რუსთავში-“მშვიდობის”, ბოლნისში-“იოანეს”, ბაქოში- “მაცხოვრის” ეკლესია. სამრევლოები გვაქვს ასევე გარდაბანში, ბორჯომში, ასურეთში და სოხუმში, სადაც მხოლოდ ჩვენს ეპისკოპოს ჰანს-იოახიმ კიდერლენს შეუძლია ჩასვლა, როგორც უცხოელს.
რა არის ლუთერული ეკლესიის იდეა, რის საფუძველზე შეიქმნა? როგორია მისი მრწამსი?
– ეკლესიის ჩამოყალიბება მარტინ ლუთერის სახელს უკავშირდება. ეს არ იყო მისი გამონაგონი, მან მხოლოდ ხელი შეუწყო მომხდარიყო კათოლიკური ეკლესიის რეფორმირება, აღეკვეთა ის უსამართლობა, რომელიც მაშინდელ ეკლესიაში იყო. ლუთერი იყო მონაზონი კათოლიკურ ეკლესიაში, კარგად იცნობდა ბიბლიას და ხედავდა როგორ გადააჭარბა პაპების ქმედებებმა ქრისტეს მცნებებს, იყო ფუფუნება ეკლესიებში, ასევე პოლიტიკურად, ეკონომიკურად არ იყო თავისუფალი ქვეყანა. ლუთერი გამოდიოდა ინდულგენციებით ვაჭრობის წინააღმდეგ. მისი აზრით მორწმუნეებმა „სულების ხსნა“ უნდა მოიპოვონ არა ინდულგენციების შეძენით, არამედ ჭეშმარიტი სინანულით, რომელიც ქრისტიანის მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. 1517 წლის 31 ოქტომბერს, ვიტენბერგის ეკლესიის კარებზე ლუთერმა გამოკრა თავისი „95 თეზისი“, რამაც სათავე დაუდო რეფორმატულ მოძრაობას. თითოეულმა ფენამ, რომელმაც ლუთერს მხარი დაუჭირა თეზისებში დაინახა ის, რაც აწუხებდათ.
ლუთერს სჯეროდა, რომ ადამიანი ღმერთთან შერიგებას ჰპოვებს რწმენით და არა მის მიერ ჩადენილი საქმეებით, ამის საფუძველს ხედავდა ბიბლიაში. ლუთერული ეკლესიისთვის მთავარია ქრისტეს რწმენა, თუ მას ირწმუნებ ყველანაირად ეცდები ცოდვები არ ჩაიდინო, სწორედ აქედან გამომდინარეობს შენი კარგი საქმეები. ადამიანს უნდა სწამდეს, რომ ქრისტე ჯვარზე შენი ცოდვების გამოსახნელად ავიდა, უნდა სწამდეს, რომ ეს ქრისტემ პირადად შენთვის გააკეთა. ყველაზე მთავრი მცნებებია: შეიყვარე ღმერთი შენი და შეიყვარე მოყვასი შენი. უნდა შეიყვარო მტერიც კი, ბოროტს არ უნდა უპასუხო ბოროტებით, არამედ სიკეთით. ქრისტე შენთვის უნდა იყოს მაგალითი, უნდა დაემსგავსო მას. მხოლოდ ქრისტეა შუამავალი შენსა და ღმერთს შორის. ჩვენ ვაღიარებთ მეორე საუკუნეში მიღებულ სამოციქულო მრწამს: მრწამს სამება, მამა ღმერთი, ძე და სული წმინდა. ასევე, როცა ვატარებთ ეკუმენურ ლოცვას ან სხვა ერთობლივ ლოცვებს ვიყენებთ ნიკეის მრწამსს. ესეც იგივეა, მხოლოდ უფრო განვრცობილი.
როგორ იწყებს მასიურ გავრცელებას საქართველოში ლუთერული მიმდინარეობა?
– საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია (სელე) 1818 წლიდან იღებს სათავეს. მისი დაარსება ვიურტემბერგიდან ათასობით გერმანელის ჩამოსვლას უკავშირდება, რომლებიც მეფე ეკატერინეს მოწვევით ჩამოვიდნენ. ისინი იყვენენ ძალიან მშრომელი, განათლებული, მორწმუნე ადამიანები. მათ დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ისტორიაში, არქიტექტურასა და მედიცინაში. მაშინ გერმანელთა შვიდი დასახლება არსებობდა, რომლებიც საკმაოდ განვითარებული იყო. აშენებდნენ ეკლესიებს, სკოლებს. 1937 წელს იყება რეპრესიების ტალღა, ხოლო 1941 წელიდან გერმანული წარმოშობის ადამიანების დევნა, გადასახლება ყაზახეთში, ციმბირში. ბევრი ტაძარი დაიხურა, გადაკეთდა. თბილისში მარჯანიშვლის მოედანზე მდებარე ეკლესია გერმანელ ტყვეებს დაანგრევინეს. ანადგურებდნენ ყველაფერს. აკრძალული იყო რწმენა, ხალხი კი დაშინებული. ბევრმა ამ პერიოდში გვარიც შეიცვალა, რადგან დევნიდნენ, ავიწროვებდნენ. სახლებში, ჩუმად ლოცულობდნენ და ასე შეინარჩუნეს ძველი რწმენა.
1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ლუთერული ეკლესია ახალი ფორმით აღორძინდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, მისი პირველი ეპისკოპოსის, პროფესორ დოქ. გერტ ჰუმელის დამსახურებაა. როცა სახელმწიფომ აღიარა გერმანული წარმოშობის ადამიანები, როგორც მოქალაქეები, გაგვიჩნდა სურვილი აღგვედგინა ჩვენი წინაპრების რწმენა. თუმცა არ გვყავდა პასტორი, არ გვქონდა ეკლესია. პლეხანოვზე გვქონდა დარბაზი და იქ ვიკრიბებოდით, ვუსმენდით ქადაგებებს, რომელსაც გერმანული წარმოშობის ადვეტისტი პასტორი ატარებდა ჩვენივე თხოვნით. არ იყო ღვთისმსახურებისთვის საჭირო პირობები, აკლდა სკამები, არ იყო გათბობა, თუმცა იყო დიდი სულისკვეთება. როცა პროფესორი გერტ ჰუმელი პირველად ჩვენთან მოვიდა და ნახა რა პირობებშიც ვიყავით გადაწყვიტა დაგვხმარებოდა. მან თავისი სახლი გაყიდა და ააშენა თბილისში არსებული ეკლესია. მანვე გერმანიიდან ჩამოიტანა ორღანი, ზარები, გააკეთებინა განსხვავებული ფორმის ჯვარცმა. ბევრი რამ გააკეთა ჩვენთვის. ეკლესიაში არა მარტო დარბაზია, არამედ ბიბლიოთეკა, ეპისკოპოსის საცხოვრებელი, ეკლესიის ბიურო. 2000 წლიდან აქვეა დიაკონური სამსახური, სადაც არის მოხუცთა თავშესაფარი, გახსნა სასადილო.
როგორ მოხდა აღიარება თქვენი რელიგიური მიმდინიარეობს? რის ხარჯზე არსებობს ეკლესია, გარდა გერმანული დახმარებისა, გაქვთ სხვა ფინანსური შემოსავლი?
– 2011 წლის 5 ივლისს კანონში შესული ცვლილების წყალობით მოგვეცა შესაძლებლობა სამართლებრივი აღიარება მოგვეპოვებინა. უფრო ადრე გვთავაზობდნენ დავრეგისტრირებულიყავით, როგორც საზოგადოება, მაგრამ უარი ვთქვით ამაზე. გავერთიანდით რელიგიური უმცირესობების ჯგუფში, სადაც ჩვენთან ერთად არიან ბაპტისტები, კათოლიკური და სომხური ეკლესია და ერთიანი პიოზიცია დავიკავეთ, რომ დავრეგისტრირებულიყავით როგორც რელიგიური მიმდინარეობა. 90 პროცენტი ესაა გერმანიიდან მიღებული დახმარება. ჩვენი პარტნიორი არის ვიურტემბერგის სამხარეო ევანგელურ–ლუთერული ეკლესია, რომლისგანაც დღეს ველოდებით დახმარებას, დაგეგმილია მათი ეპიკოპოსის სტუმრობაც. ცხოვრების პირობების გაუმჯობესების პარალელურად საქართველოს ლუთერულმა ეკლესიამაც დაიწყო თვითფინანსირება. ესაა მრევლის შემოწირულობები, ყოველთვიური საწევრო, რომელსაც იხდის თითოეული მრევლის წევრი ყველაზე მინიმალური თანხიდან დაწყებული, ვისაც რისი შეაძლებლობაც აქვს.
რა სახის დახამარებას იღებთ გერმანიიდან, მხოლოდ ფინანსურს?
– როგორც ფინანსური, ასევე უკვე წლებია არის გაცვლითი პროგრამები. ჩვენც მივდივართ, ისინიც ჩამოდიან. ატარებენ სემინარებს. ახალგაზრდებისთვის აპრილის ბოლოს ჰომბურგში ეწყობა პროგრამა, სადაც გარკვეულ სამუშაოებს ასრულებენ და პარალელურად უტარდებათ ლექციები. ასევე გვაქვს კავშირი რუსეთთან, სადაც არის ლუთერული სემინარია და უკრაინასთან.
სულ რამდენია ლუთერული ეკლესიის მრევლი?
– სოხუმისა და ბაქოს ჩათვლით სულ 800-მდე მრევლის წევრი გვყავს. ამათგან უმეტესი 500-მდე თბილისის შერიგების ეკლესიის წევრია.
თანამშრომლობთ თუ არა საქართველოში არსებულ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც რელიგიის საკითხებზე მუშოებენ?
– აქტიურად ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან. არის მოწვევები, იმართება ერთობლივად შეხვედრები, სადაც ვმსჯელობთ რიგ საკითხებზე. ახლა მიდის კონსულტაციები კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე და წიგნი “მე და საზოგადოების” ირგვლივ. გვთხოვეს ჩვენი აზრი გამოვთქვათ ამ წიგნთან დაკავშირებით, მისაღებია თუ არა რომ ისწავლებოდეს. როგორც ჩემთვის ცნობილია რელიგიის სააგენტო უფრო მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციას იჭერს, რაც არასწორია, ისინი უმარავლესობას წარმოადგენენ და პატივს ვცემთ მათ, ვიცით რა როლი ითამაშა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა რელიგიებს არ ჰქონდეთ არსებობის უფლება. თანსაწორობა და პატივისცემა უნდა არსებობდეს რელიგიურ მიმდინარეობებს შორის.
როგორი ურთიერთობა გაქვთ საქართველოში არსებულ სხვა რელიგიურ დენომინაციებთან? ატარებთ თუ არა ერთობლივ ღონისძიებებს?
– ვცდილობთ ყველასთან მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს. როცა რაიმე ღონისძიებას ვატარებთ ვიწვევთ ყველას, ჩვენი კარი ღიაა თანამშრომლობისთვის. უფრო მეტად ვთანამშრომლობთ პროტესტანტულ ეკლესიებთან, ბაპტისტებთან, 50-იანელებთან და ადვედისტებთან,მათთან ვინც თეოლოგიურად ახლოსაა ჩვენს რელიგიასთან. ასევე კათოლიკურ, სომხურ ეკლესიასთან ვთანამშრომლობთ, ხსნის არმია მოდის ხოლმე ჩვენს ღონისძიებებზე. ყოველწლიურად ვატარებთ ლუთერის დღეებს, სადაც ვიწვევთ სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლებს. გასულ წელს მართლმადიდებლური ეკლესიიდანაც მოვიდა ორი სასულიერო პირი, რამაც ძალიან გაგვაკვირვა და თან გაგვახარა. ასევე, წელიწადში ერთხელ ტარდება ეკლესიის დღე, რომელსაც ესწრებიან ჩვენი მეზობლები, მუსიკოსები, იმართება კონცერტი. სამი წლის წინ გაიხსნა დიაკონური “შინმოვლის” სამსახური, რომელიც არა მარტო ჩვენს მრევლს ემსახურება, არამედ მთელს ქალაქს, ხელშეკრულება აქვს თბილისის გამგეობასთან გაფორმებული და ფინანსირებაც ნაწილობრივ იქიდან ხდება. შინმოვლის სამსახური უწევს იმ ადამიანებს დახმარებას, რომლებიც ცხოვრობენ თბილისში და ესაჭიროებათ მოვლა. ასევე, გვაქვს ბიბლიური წრე, ქალთა და მამაკაცთა კლუბები, ახალგაზრდული და მოზარდთა მსახურება, საკვირაო სკოლა, სადაც ბაშვები სწავლობენ ბიბლიას, ხელსაქმეს, მუსიკას და ა.შ.
კახეთში, ყვარელში გვაქვს ბანაკი, სადაც ტარდება სხვადასხვა სემინარები და საზაფხულო ბანაკები. ვმეგობრობთ მეუფე სერგისთან. ჩვენი ეპისკოპოსი როცა ჩადის ყოველთვის ხვდება მას. ერთხელ თავის რეზიდენციაში მიგვიღო მთლიანად ბანაკი. ძალიან კარგი საუბარი შედგა. გიმნაზიაში, რომელსაც მეუფე სერგი პატრონებს გარკვეულ სამუშაობეში მიიღეს მონაწილეობა ჩვენმა ბანაკის ბავშვებმა. გვაკურთხა მეუფემ, თბილად მიგვიღო.
როგორ შეაფასებდით რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებული სიტუაცია, გექმნებათ თუ არა რაიმე პრობლემები თქვენი საქმიანობის განხორციელებაში? რამდენად ღიაა და ხელმისაწვდომია თქვენთვის მედია სივრცე?
– სერიოზული პრობლემები არ გვქონია, რადგან ყოველთვის გვაკავშირებდნენ გერმანელებთან და ეს გერმანული წარმოშობა გვიფარავდა. ვიტყოდი ბოლო პერიოდში სიტუაცია ბევრად გაუმჯობესდა, მოდის ბევრი მოწვევა, როცა გვაქვს ღონისძიებები რეკავენ ტელევიზიიდანაც: “თუ შეიძლება მოვიდეთ და გადავიღოთ”..
მომწონს ძალიან, როცა საჯარო სკოლებიდან მოდიან მთელი კლასები, თავის მასწავლებლებთან ერთად და ეცნობიან ლუთერულ ეკლესიას, რწმენას.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არცოდნის გამო ადამიანს უჩნდება აგრესია, ამიტომ საჭიროა ვიცნობდეთ ერთმანეთის სარწმუნოებას.
რა სახის ღვთისმსახურებაა დამახასითებელი თქვენი რელიგიური მიმდინარეობისთვის, როგორ ტარდება წირვები, რით არის გამორჩეული?
– წირვა ტარდება სამ ენაზე, ქართულად, გერმანულად და რუსულად. ლუთერმა მსახურების ფორმა კათოლიკური ეკლესიიდან აიღო და მასში საჭირო ცვლილებები შეიტანა, ქადაგება ჩააყენა წირვის ცენტრში. მსახურება იწყება მუსიკალური პრელუდიით. არის სამი საკითხავი წმინდა წერილიდან, ფსალმუნიდან, მოციქულთა წერილიდან და სახარებიდან, შემდეგ ქადაგება, ურთიერთ ლოცვა, მამაო ჩვენო და ბოლოს მრევლის კურთხევა. გამორჩეულია იმით რომ ბევრი მუსიკალური გაფორმებაა, მრევლი უშუალოდ არის ჩართული მსახურების პროცესში, ასრულებენ გალობებს , კითხულობენ საკითხავებს, ლოცვებს, შეგვიძლია თავად შევქმნათ ლოცვები და ის წარმოვთქვათ წირვაზე. ღვთისმსახურების ცენტრშია ქადაგება, რომლისთვის მომზადებას სჭირდება ერთი კვირა, რომ გაეცნო თეოლოგების სწავლებებს, კარაგად შეისწავლო თემა და შენეული ანალიზიც დაუმატო. რაც მთავარია არ უნდა იყოს მოსაწყენი, დაახლოებით 15-10 წუთი, მაქსიმუმ 20 წუთი გრძელდება. ქადაგებისას და ზოგადად მსახურებისას ვითვალისწინებს მრევლის ასაკს, მათ სურვილს, ინტერესს, ზოგს სურს ტრადიცული სახე ჰქონდეს და გვთხოვენ გერმანულ ენაზე შევასრულოთ და სხვა. დაახლოებით თვეში ორჯერ ზიარებაც ტარდება. მასში მონაწილეობენ ისინი ვინც არიან მონათლულნი ან კონფირმირებულნი. ჩვენ ვაღიარებთ სხვა ეკლესიების ნათლობას, უბრალოდ როცა ადამიანს სურს მიიღოს ლუთერული სარწმუნოება ვუტარებთ კონფირმაციას ანუ რწმენის აღიარებას, ამისთვის საჭიროა შეისწავლოს ლუთერული თეოლოგია. მნიშვნელოვანია ადამიანი სარწმუნოებრივ საკითხებში იყოს განათლებული, ამიტომ ვატარებთ ხოლმე საკონფირმაციო გაკვეთილებს. ღვთისმსახურების დროს უკრავს სამი ზარი, რაც სიმბოლოა რწმენის სიყვარულის და იმედის. ასევე, მამო ჩვენოს დროს უკრავს ზარი. გარდა ამისა ყოველ დილის 12 საათზე და საღამოს 6 საათზე, მიუხედავად იმისა ტარდება თუ არა მსახურება.
აღიარებს თუ არა ლუთერული ეკლესია ქრისტიანული ეკლესიის საიდუმლობებს?
– ლუთერულ ეკლესიაში არის მიღებული მხოლო ორი საიდუმლოება: ნათლობა და ზიარება. მხოლოდ პასტორს აქვს უფლება ჩაატაროს ისინი. მორწმუნეს უნდა ესმოდეს ამ საიდუმლოებების აზრი. რაც შეეხება ჯვრისწერას, აღსარებას, მათაც ვატარებთ, მაგრამ არ აქვს საიდუმლოს სახე, ეს უბრალოდ რიტუალია. აღსარება, ცოდვების აღიარება ხდება ყოველ კვირას, მსახურებაზე ლოცვით. ადამიანმა თავად იცის რა ცოდვა აქვს ჩადენილი, მას ღიად არ ამბობს, თავის ფიქრებში იცის რასაც აღიარებს და ინანიებს. ასევე ხდება ხოლმე ინდივიდუალური აღსარება, როცა შეგიძლია მიხვიდე და პასტორს უთხრა შენი ცოდვები, რომელიც დარჩება საიდულმოდ. ეს ხშირად არ ხდება, თუმცა არის ამის შესაძლებლობა და თავად ადამიანის პირად სურვილზეა დამოკიდებული.
აღიარებს თუ არა ლუთერული ეკელსია წმინდანებს ? მისაღებია წმინდა მამათა სწავლებები თქვენთვის?
– ლუთერმა შეაჯამა რეფორმაციის პრინციპები 5 SOLO-დ ანუ 5 „მხოლოდ“: მხოლოდ ღმერთია ჩვენი უფალი, მხოლოდ ქრისტეა ჩვენი მხსნელი, მხოლოდ რწმენით და მხოლოდ ღმერთის წყალობით ვპოულობთ ხსნას ცოდვებისაგან, მხოლოდ წმინდა წერილია ჩვენი უმაღლესი ავტორიტეტი. აქედან გამომდინარე ადამიანის შუამავალი ღმერთთან არის ქრისტე და სხვა არავინ. შეგვიძლია ვილოცოთ წმინდა სამების ანუ ღმერთის, ქრისტეს და წმინდა სულის წინაშე და არა ადამიანის წინაშე. რაც შეეხება წმინდანებს პატივს ვცემთ მათ, როგორც ადამიანებს, რომლებმაც ბევრი ტანჯვა, წამება გადაიტენს ქრისტეს გულისთვის. იცხოვრეს წმინდად და მოგვცეს მაგალითი თავიანთი ცხოვრებით. ჩვენ ვსწავლობთ მათ ცხოვრებას, მაგრამ არ ვლოცულობთ მათზე, არ ვაღიარებთ ქრისტეს დონეზე.
უმთავრესი არის წმინდა წერილი. წმინდა მამების ნაწარმოებები, ლუთერული ეკლესიის მრევლისთვის არის სახელმძღვანელო, რომელიც შეგიძლია წაიკითხო. ისინი გვეხმარება გავიზარდოთ რწმენაში, შევისწავლოთ წმიდა წერილი.
რით განსხვავდება ლუთერული ეკლესია სხვა დანარჩენი პროტესტანტული ეკლესიებისგან?
– თეოლოგიურად ბევრი განსხვავება არ არის, მხოლოდ რიტუალები და ფორმებია განსხვავებული.
რომელ დღესასწაულებს აღნიშნავთ და რომელია მათგან გამორჩეული თავისი ზეიმურობით?
– უდიდესია აღდგომა და შობა, მათ დიდი ზეიმით, მომზადებით აღვნიშნავთ. ასევე, სულთმოფენობას, 50-ე დღეა აღდგომიდან. ის ითვლება როგორც ეკლესიის დაარსების დღე, ხშირად ამ დროს ტარდება ნათლობა, კონფირმაცია. სამების დღესასწაულიც გამორჩეულია, ასევე მოსავლის სამადლობელი დღესასწაული. აღინიშნება ოქტომბრის პირველ კვირას-მადლობას ვუხდით უფალს არა მარტო მიწისგან მიღებული მოსავალისთვის, არამედ სულიერი “მოსავლისთვის”, იმ რწმენისთვის რომელიც გვაქვს.
როგორია ლუთერული რელიგიური მიმდინარების დამოკიდებულება, რა არის ადამიანისთვის მთავარი ამქვეყნიურ ცხოვრებაში?
– მთვარია ადამიანს ჰქონდეს რწმენა. რწმენა კი ღმერთთან მუდმივი ურთიერთობაა. როცა გრწამს იცი, რომ მთელი ცხოვრება ქრისტე გიფარავს და მის მიმართ მადლიერების, სიყვარულის გრძნობა უნდა გქონდეს. ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, რომ გამოავლინოს თავისი სიყვარული ღმერთისა და მოყვასის მიმართ. ესაა პროცესი, რომელიც გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე, წმინდა სული მუშაობს შენში. ყველანი ცოდვილები ვართ, მაგრამ მთავარია აღიარო ეს ცოდვები და მიიღებ განწმენდას უფლისგან, დაუახლოვდები მას. რაც მთავარია უნდა გქონდეს იმედი და რწმენა იმისა, რომ არასოდეს არ შეწყვეტო კავშირი ღმერთთან, არც ამ ცხოვრებაში და არც იმქვეყნად.
სოფიკო ნინიკაშვილი