საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მიმდინარე წლის 1-5 მაისს საქართველოს გერმანელ ჟურნალისტთა ჯგუფი ეწვევა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლადო ჭანტურიამ შეხვედრა გამართა „ბერლინის პრეს-კლუბის“ წარმომადგენლებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ჟურნალისტების საქართველოში ვიზიტის საორგანიზაციო საკითხებში.
ლადო ჭანტურიამ გერმანელ ჟურნალისტებს ინფორმაცია მოაწოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, არსებულ მდგომარეობასა და მიღწეულ წარმატებებზე. ელჩმა პრეს-ტურის მონაწილეებს დაგეგმილი ვიზიტის პროგრამა წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ პრეს-ტურის ფარგლებში ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მოინახულებენ და ადგილზე გაეცნობიან ქვეყნის განვითარებასა და მიღწევებს. ჟურნალისტების ვიზიტის მიზანს გერმანიაში საქართველოს პოპულარიზაცია წარმოადგენს.