ქრისტეს შობიდან 33-ე წელს იესო ქრისტე ნებით შევიდა იერუსალიმში, რათა ჯვარზე სიკვდილით, აღდგომითა და ამაღლებით ჯოჯოხეთიდან გამოეხსნა პირველი ადამი და მასთან ერთად ყოველი მართლი.
დიდმარხვის მეექვსე კვირას მართლმადიდებელი ქრისტიანები ათორმეტთაგან პირველ მოძრავ დღესასწაულს ბაიაობას ანუ ბზობას აღნიშნავს, რაც სიმბოლურად არის გახსენება მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლისა. მოვლენის, რომელიც მოხდა ებრაელთა პასექის წინა დღეს, კვირას, მას შემდეგ რაც იესომ მკვთრეთით აღადგინა 4 დღის მკვდარი ლაზარე. ტრადიციის მიხედვით ებრაელთა კალენდრით თვის მეათე დღეს ირჩევდნენ ბატკანს და კლავდნენ პასექზე. ამდენად იერუსალიმში ამ დღეს შესვლით განცხადდა ჭეშმარიტად აღთქმული კრავი ანუ იესო ქრისტე, რომელიც ნებსით შევიდა იერუსალიმში ჯვარცმისათვის. ეს დღესასწაული ერთდროულად მოიცავს ჯვარცმის უდიდეს ტკივილს და მომავალი დაუსრულებელი ცხოვრების ზეიმსაც.
უფლის გზა იერუსალიმისაკენ სიმბოლურად გადის ზეთისხილის ანუ ელეონის მთაზე. გადმოცემის მიხედვით, როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი, ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს. „და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა“ (იოანე 12, 14-15). იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9).
საგულისხმოა, რომ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც მაცხოვარს “ოსანას” ძახილით შეხვდნენ, რამდენიმე დღის შემდეგ პილატეს წინ იყვირებს, რომ ჯვარს აცვან მაცხოვარი. თუმცა, მიუხედავად ქრისტეს ტკივილის მოლოდინისა, როგორც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის, რუსული ეკლესიის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზ გიორგი სხირტლაძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას აღნიშნა ეს არის დღე, როდესაც იესომ გადალახა მუდმივად არსებული მანძილი ღმერთასა და ადამიანს შორის და მოგვცა საშულაება მასთან დაახლოვებისა.
“ბზობის დღესასწაული ეს არის გამარჯვება ქრისტესი. თანაგანცდის განსაკუთრებული სიმწვავე აქვს ამ დღეს, როცა ასეთი ზეიმით შემოდის უფალი იერუსალიმში, როცა ადამიანები ამხელა სიხარულით ეგებებიან მას. ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი გული იერუსალიმად აღვიქვათ, სადაც უნდა მოხდეს ჩვენი და ისეო ქრისტეს შეხვედა. ზუსტად აი, ეს გადაულახავი მანძილი, რომელიც მუდმივად არსებობს ღმერთსა და ამქვყენად მყოფ ადამიანს შორის გადაილახება ქრისტეთი, ქრისტესმიერი სიყვარულით.
შემოქმედი შემოქმედათ რჩება, ქმნილება ქმნილებად, მაგრამ ეს უსასრულო მანძილი ღმერთსა დამიანს შორის გადალახა ქრისტემ, დაამარცხა სოფელი, შევიდა იერუსალიმში, აღადგინა ახალი ადამი და მოგვცა ღმერთთან მადლით დაახლოვებისა და მადლით მისდამი მიმსგავსების შესაძლებლობა.
მე მინდა გისურვოთ ისევ და ისევ დაბრუნება ღმერთთან, იმიტომ რომ ქრისტიანობა მუდმივად შემოქმედთან დაბრუნების რელიგიაა. დაბრუნების, შეერთების, შერიგების, შენდობის, სიყვარულის, ჭეშმარიტი ცოდნის და მე ვიტყოდი, რომ ყველას უნდა ვუსურვოთ ჭეშმარიტებამდე მისვლა, რადგან შეუძლებელია საბალოოდ ადამიანი არ მივიდეს ჭეშმარიტებამდე, ეს დანაშაულია… როგორც მაცხოვარი ამბობს: “არ მნებავს სიკვდილი ცოდვილთა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი”. ღმერთს არ უნდა არვის დაღუპვა. არავის უცოდინრობა, არავის გამრუდებული ცნობიერება არ უხარია პირიქით სურს ადამიანის ბედნიერება. ღმერთმა მოგცა ჭეშმარიტება და შენ უნდა შეისისხლხორცო ის, უნდა შემოვიდეს შენში უფალი, როგორც ქრისტე შევიდა იერუსალიმში.
საბოლოოდ ყველა უნდა მივიდეს ღმერთთან, ჭეშმარიტებასთან, ეს არის პირდაპირი დავალება ღვთისა და მას ვერავინ ვერ გაექცევა. მინდა, რომ მივაქციოთ ამას ყურადღება, ვიფიქროთ, ვილოცოთ და ვიმუშაოთ ამაზე. ღმერთმა დაგლოცოთ!”-მამა გიორგი სხირტლაძე.
სხვადასხვა ქრისტიანულ ქვეყნებში, მაცხოვრის დიდებით შესვლას იერუსალიმში, სხვადასხვა მცენარით ხვდებიან – პალმის რტოებით, ხის ტოტებით, დაფნით (საბერძნეთში დაფნას ანიჭებენ უპირატესობას), ყვავილებით – მთავარია მწვანე იყოს, რადგან მწვანე სიცოცხლის, უკვდავების და მარადიულობის სიმბოლოა.
ქართულში დამკვიდრებული სახელი ბზობა მცენარე ბზას უკავშირდება, რომლის მარადმწვანეობა ქართველთათვის უბერებლობისა და სასუფევლის სახეა. მითუმეტეს, რომ სიყვა “ბზა” მჭიდრო კავშირშია “ბჟასთან” ანუ “მზესთან” და “თეთრთან”. შემთხვევით არც ისაა რომ “ბზას” ლათინურად “კავკასიურ პალმასაც” უწოდებენ. რას შეეხება სამოსელს, რომელსაც იერუსალიმში შემავალ მაცხოვარს გზად უფენდნენ მადლმოსილების სიმბოლოა. ძველ აღთქმაში ასე ხვდებოდენ გამარჯვებულებს.
ბზობის დღესასწალი თევზით ხსნილია. ტაძრებში იკურთხება ბზა, რომელიც მორწმუნეებს მიქავთ სახლში და ამ ფორმით, სიმბოლურად ეპატიჟებიან უფალს, მიუძღვიან წინ იესოს, რომ შევიდეს მაცხოვარი მათ სახლში და სიხარულმა, სიმშვიდემ, უფლის მეუფებამ დაიმკვიდოს მათ ოჯახებში და გახდეს მომავლი გამრჯვებების, დადებითი, კეთილი გაზრახვების მიზეზი.
ბზობით მთავრდება აღდგომის მარხვის ერთი ნაწილი- 40დღიანი მარხვის პერიოდი, ხოლო შემდეგი ერთი კვირა არის ვნების კვრა, რომელიც განსაკუთრებულად მძიმე და დატვირთულია, როგორც შინაარსობრივად, ასევე საეკლესიო მსახურებებით.
სოფიკო ნინიკაშვილი