სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პირველი საკომიტეტო განხილვა გაიმართება დღეს ევროპარლამენტში. საშინაო საქმეების კომიტეტმა უნდა ისაუბროს იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რაც ევროკომისიამ ევროპარლამენტს რამდენიმე კვირის წინ გადასცა.
ინიციატივა კი ითვალისწინებს საქართველოს იმ ქვეყანათა ჩამონათვალში ჩასმას, რომელთა მოქალაქეებსაც შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა. სხდომა წინა კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო დღეისთვის გადაიდო.
დღესვე ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართება. ბრიუსელში დაგეგმილ სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები.
მასზე განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობას, ქართული სამინისტროების წარმომადგენლები ევროპელ დეპუტატებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან მიმდინარე და გატარებული რეფორმების შესახებ.
საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ხელს უწყობს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის კავშირის განმტკიცებას.