„ვიზა-ლიბერალიზაცია იქნება ჯილდო ქართველი ხალხისთვის. ჯობს ყველამ გვერძეე გადავდოთ ჩვენი ვიწრო-პარტიული ინტერესები,“ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი თავისუფალი სავიზო რეჟიმის შესახებ საუბრობს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკის სტუდიაში“.
„საქართველომ კარგად შეასრულა ასოცირების ხელშეკრულების ყველა მიმართულება, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმა. ჩვენ ყველა ვალდებულება შევასრულეთ და გავცდით კიდეც. მიღებულ შენიშვნებს მყისიერად ვასრულებდით. ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ დადებითად შეაფასა საქართველოში მედია-თავისუფლების მდგომარეობა. დღეს მედია თავისუფალია ისე, როგორც არასდროს. ამას საერთაშორისო თანამეგობრობაც აღიარებს. საქართველო იმსახურებს, რომ მიენიჭოს ვიზა-ლიბერალიზაცია“.
დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის სტრუქტურებში გამოთქმულ დაპირებებზე და მიმდინარე პროცესის ხელის შემშლელ ფაქტორებზე.
„მე ვამბობ იმას, რასაც გვეუბნებიან. პროცესი მიმდინარეობს ორი მიმართულებით: ევროპარლამენტში და ევროკავშირის საბჭოში. დისკუსია ევროპის საბჭოში 11 მაისს გაიმართება და ჩვენ ველოდებით, რომ შედეგი იქნება პოზიტიური. ამ თემაზე მომხსენებელმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო იმსახურებს ვიზა-ლიბერალიზაციას. არსებობს პოზიტიური სტატისტიკა როგორც საქართველოს სამიგრაციო პოლიტიკის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში ვიზაზე უარის თქმის მიხედვით. რაიმე ახალი წინაპირობა ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არ იქნება. ეს ყველაფერი მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ გადაწყვეტილებას მოკლე ვადებში მიიღებენ.
ხელისუფლების ინტერესებში არ არის განზრახ შეიქმნას დაბრკოლებები. ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულებას „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკაშირებით. შეუძლებელია გვსურდეს ხელოვნური ბარიერების შექმნა მაშინ, როდესაც ამდენი შრომა არის ჩაღვრილი მნიშვნელოვან საქმეში. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური წინსვლა. ვიზა-ლიბერალიზაცია არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც დაგვაახლოვებს ევროპასთან. ამას ქართველი ხალხი იმსახურებს“.
მანანა ღოღობერიძე