საქართველოში განხორციელებული ბოლოდროინდელი პროექტებიდან ინვესტორთა განსაკუთრებულ ყურადღებას „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II-ის“ მშენებლობა იქცევს. პროექტი საკმაოდ ფართომასშტაბიანია და, შესაბამისად, მისი სხვადასხვა მონაკვეთები სხვადასხვა დაფინანსებით იგება, ასევე, ჯერ კიდევ უცნობია მისი საბოლოო სახე, ინვესტორებისა და აღებული სესხების რაოდენობა. ამიტომ, გადავწყვიტე, ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მთავარ მონაკვეთზე გამემახვილებინა ყურადღება, კერძოდ, ზემო ოსიაური – ჩუმალეთის მონაკვეთი, რომელიც დაახლ. 50 მლნ ევროს ოდენობით ფინანსდება და გამერკვია დაფინანსების წყაროები, პირობები, პროექტის განხორციელების თარიღები და უშუალო პასუხისმგებელი პირები. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დავუკავშირდი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს:
როგორც ვიცით, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს დაახლოებით 50 მლნ ევროს ოდენობით “საქართველოს აღმოსავლეთ-დაასვლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II-ის” ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის მონაკვეთის დაფინანსსებას. არსებობს თუ არა უკვე კონკრეტული გეგმა, ბიუჯეტის მიხედვით შედგენილი, რომლის მიხედვითაც ჩატარდება სამუშაოები?
– ევროპის საინვესტიცო ბანკმა (EIB) – 49,45 მლნ. ევრო გამოყო ამ პროექტისთვის. ხელშეკრულებას ხელი მიმდინარე წლის თებერვალში მოეწერა, ხოლო პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირება მოხდება აპრილში.
ამ დროისათვის, მიმდინარეობს მონაკვეთების მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო პროცედურები. კერძოდ, ტენდერის გამოსაცხადებლად ჩატარდა წინასაკვალიფიკაციო შერჩევა, სადაც ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს.
პროექტისთვის შერჩეულია თუ არა სამუშაო ჯგუფი?
– ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჯერ არ გამოვლენილა, მიმდინარეობს პრეტედენტთა შერჩევა-შეფასების პროცედურები.
რომელი ტერიტორიებისა თუ კონკრეტული ატრაქციების რეკონსტრუქცია და განვითარება იგეგმება?
– ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილია, რომ იგეგმება ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის (ამ გზით ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან). აღნიშნული მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია და მოიცავს რამდენიმე გვირაბსა და ხიდს.
საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადახლოსთან იგეგმება ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის საპროექტო დოკუმენტაცია დამუშავების პროცესშია.
პროექტის განხორციელება როდის დაიწყება და რამდენი ხანი დასჭირდება დაახლოებით მის დასრულებას?
– სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაიწყება და დასრულდება ამავე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში.
რაც შეეხება რისკებს, რომელიც მოიცავს მშენებლობისას გამოწვეულ გარემოს დაბინძურებას, მოცემულ ტერიტორიებზე მოსახლეობის შეწუხებას ხმაურითა და სხვა სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეულ დისკომფორტს, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განგვიმარტეს, ჯერ-ჯერობით, მუშაობის პროცესის დროს მოსახლეობის ტერიტორიიდან გარიდების გეგმა შედგენილი არ არის, ეს დადგინდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაიწყებს სამუშაოებს.
რაც შეეხება პროექტის ფინანსური მხარის დეტალებს, მათ გასარკვევად ფინანსთა სამინისტრომ შემდეგი სახის დოკუმენტი მოგვაწოდა, რომელიც აღებული ვალდებულებების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას:
სესხის ოდენობა: 49 450 000 ევრო;
სესხის ხანგრძლივობა: 30 წელი (მათ შორის შეღვათიანი პერიოდი 5 წელი);
სესხის საპროცენტო განაკვეთი (თითოეული ტრანშისთვის განისაზღვრება ტრანშის ჩამორიცხვამდე) : ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან EURIBOR- ზე ან LIBOR-ზე დაფუძნებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთი;
საპროცენტო მარჟა (EURIBOR– ზე ან LIBOR-ზე დაფუძნებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში): ცვლადი, რომელიც ფიქსირდება თითოეული ტრანშის ჩამორიცხვამდე;
ადმინისტრირების განაკვეთი : 50 000 ევრო (ერთჯერადი გადასახდელი)
აქვე გაცნობებთ, რომ ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ასახული საინვესტიციო პროექტებისათვის საგარეო წყაროებიდან გამოყოფილი ფინანსურ მონიტორინგს, რაც გამოიხატება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული პარამეტრების შესრულების მონიტორინგით. პროექტის ფარგლებში გაწეული ხარჯების მონიტორინგს ახორციელებს აგრეთვე დონორი. ხოლო რაც შეეხება შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგს, მას ახორციელებს პროექტის ფარგლებში დონორთან შეთანხმებით დაქირავებული პროექტის საზედამხედველო კომპანია.
მარიამ ტაკაშვილი