„დღევანდელ სამყაროში ბიზნესი და პოლიტიკა ინტეგრირებულია. ამაში ცუდი არაფერია, თუმცა საქართველოში ეს სფერო მთლიანად კრიმინალიზებულია. ძირითადად ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს შავი ფული,“ – ამის შესახებ ისაუბრა პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსზე“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში.
„შემომწირველების 90% პროცენტი არის ნომინალური. ესენი არიან ბიზნესმენები, რომელთაც არ სურთ გამოჩენა. ქართული პარტიები თანხმდებიან, რომ ეს სფერო იყოს გასაიდუმლოებული. დაფინანსების სტრუქტურა შეუსაბამობაშია კანონთან. ის, რომ „გირჩს“ აქვს მეტი დაფინანსება, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“, არის დაუჯერებელი. ეს მაიმუნობა უნდა დამთავრდეს. კანონის ფარგლებში ვერ ხერხდება თანხების მოზიდვა. პარტია, რომელიც კრიმინალიდან იწყებს, ვერ შეძლებს ქვეყნის წარმატებულად მართვას.
ფული არ არის გადამწყვეტი ფაქტორი.დღეს ამომრჩეველი უარს ეუბნება მთლიანად პოლიტიკურ ელიტას. მოქალაქეებს აქვთ აპათია, ცივი დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ. არჩევანი გასაკეთებელია არა კარგსა და ცუდს, არამედ ცუდსა და უარესს შორის. თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს ილუზია,რომ თავის ამომრჩეველს დაიბრუნებს, ეს უბრალოდ ილუზიაა.“
გია ხუხაშვილმა განიხილა არჩევნების შემდგომ პოლიტიკური მოვლენების განვითარების ორი შესაძლო ვარიანტი.
„ვითარება შეიძლება განვითარდეს ორი სცენარით. თუ მოქალაქეები მივლენ არჩევნებზე, ისინი არ გააკეთებენ არჩევანს არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. მიზეზი მარტივია, მათ იმედები გააცრუეს.ახლად მოზიდული ამომრჩეველი ხმას სხვა პოლიტიკურ ძალებს მისცემს. ეს იქნება მრავალპარტიული პარლამენტის შექმნის წინაპირობა, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ნამდვილად არ იქნება ცუდი.
მეორე სცენარით მოქალაქეები არ მივლენ არჩევნებზე და აქტივობა იქნება დაბალი. გამარჯვებული ძალა კი იქნება სუსტი ლეგიტიმაციის. ეს ნიშნავს რევოლუციური განვითარების რისკს არჩევნების შემდგომ პერიოდში. მოსახლეობის უმრავლესობას არ ექნება განცდა, რომ ეს ხელისუფლება მან აირჩია“.
მანანა ღოღობერიძე