“ფონდ ”ნატვრის ხის” 15 ივნისის ღონისძიებას ოპერისა და ბალეტის თეატრში, საპატიო სტუმრის რანგში მსოფლიო კინოლეგენდა სოფი ლორენი შეუერთდება,” – ამის შესახებ ნინო სურგულაძე წერს სოციალურ ქსელში.
“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მსურს, ძალიან სასიამოვნო, სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავი გაგიზიაროთ.
ფონდ ”ნატვრის ხის” 15 ივნისის ღონისძიებას ოპერისა და ბალეტის თეატრში, საპატიო სტუმრის რანგში მსოფლიო კინოლეგენდა სოფი ლორენი შეუერთდება. მან სრულიად უსასყიდლოდ გამოთქვა სურვილი დადგეს ჩვენთან ერთად ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად. სოფი ლორენს მე ჯერ კიდევ 2007 წელს შევხვდი იტალიაში და საქართველოს შესახებ ვესაუბრე. მსოფლიო კინოლეგენდამ მაშინ მითხრა, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთში იყო ნამყოფი და საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. აი, ეს დროც დადგა, უმშვენიერესი სოფი ლორენი 13 ივნისს საქართველოს ეწვევა და ფონდ “ნატვრის ხის” კონცერტზე ჩვენთან ერთად იქნება.
15 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ლა სკალას რეჟისორთან და ქორეოგრაფთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო პრემიერა მოეწყობა, თუმცა ამ ეტაპზე სიურპრიზად ვტოვებთ იმას, რაც კეთდება,” – წერს ნინო სურგულაძე.
ინფორმაციისთვის, ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” 2014 წელს დაფუძნდა.