„ეს იქნება ნორმალური სისტემა თანაბარი შეჯიბრებითობის უფლებით. თუმცა როგორც ჩანს პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარს არ დაუჭერს უმრავლესობა,“ – საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე და მაჟორიტარული სისტემის უარყოფით მხარეებზე ისაუბრა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია „GDS”-ზე, გადაცემა „59 წამის“ ეთერში.
„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში აღარ ვართ, ეს მოთხოვნა აქტუალური რჩება „თავისუფალი დემოკრატებისთვის“. ჩვენ კენჭი ვუყარეთ და შევაგროვეთ 200000-ზე მეტი ხელმოწერა. შესაძლებელია ეს საკითხი მოგვარდეს 2016 წლამდე.
„ქართული ოცნების“დაპირება იყო, რომ მანკიერი მაჟორიტარული სისტემა, რომელიც ხელს უწყობს ერთპარტიულ მმართველობას, შეცვლილიყო. უმრავლესობამ მხარი უნდა დაუჭიროს იმას, რასაც ერთად ვპირდებოდით ხალხს 2012 წელს.
ეს მახინჯი სისტემა საშუალებას არ აძლევს მოქალაქეების მხარდაჭერილ წარმომადგენლებს, მოვიდნენ პარლამენტში. უჩა ნანუაშვილის არგუმენტი იყო, რომ მაჟორიტარები არ არიან მხოლოდ გეოგრაფიული დანაყოფის წარმომადგენლები. ისინი მთელ საქართველოს წარმოადგენენ. მაჟორიტარი დეპუტატები ვერ ზემოქმედებენ რეგიონში საკუთარი ამომრჩევლის ყოველდღიურ ყოფაზე. ისინი ხშირად თანამედროვე ფეოდალები არიან.
ეს სისტემა არის საბჭოთა დანატოვარი და მხოლოდ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაშია შემორჩენილი. არ შეიძლება წავიდეთ ძველი მაგალითებით. ევროკავშირში მაჟორიტარული სისტემით იყო მხოლოდ ლიტვა და უნგრეთი. უნგრეთი უკვე ცვლის საარჩევნო სისტემას პროპორციულით. ჩვენც უნდა ვეცადოთ პოლიტიკური სპექტრის განვითარებას. ხალხმა უნდა მისცეს ხმა კონკრეტულ პოლიტიკურ გეგმას და არა ერთ პირს.“
ირაკლი ჩიქოვანმა ასევე შეაფასა მაჟორიტარული ოლქების გათანაბრების რეფორმა.
„ოლქების გათანაბრება არაადეკვატური გადაწყვეტილებაა .ეს ცვლილება რეალური არ არის. მივიღეთ ნაწილებად დაჭრილი საქართველო და ოლქებს არანაირი კავშირი არ აქვს ერთმანეთთან. მაჟორიტარული ოლქის ერთი ბოლოდან მეორეში დაახლოებით 200 კმ-ია. სამი რეგიონი უნდა გაიაროთ მის დასაფარად.“
მანანა ღოღობერიძე