„ „ქართულმა ოცნებამ“ შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა. 2012 წლის დაპირებები და დღევანდელი მდგომარეობა არის ცა და დედამიწა. ცოტა ხანში იგრძნობენ, რომ „თაფლობის თვე“ დასრულდება.“ „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებზე, პარტიის დატოვების მიზეზებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა არმაზ ახვლედიანმა „ტვ-პირველზე“, გადაცემა „ვახო სანაიას დღის ამბების“ ეთერში.
„ადამიანებთან კარგი ურთიერთობა არ ნიშნავს, რომ თავს ხედავ მათთან ერთად პოლიტიკურ ნავში. ეს ნავი კი არა სინამდვილეში ტიტანიკია და ასე სწორი გეზით მიემართება ნათელი მომავლისკენ. საზოგადოებას მობეზრდა მოჯადოებულ წრეზე ტრიალი. რამდენიმე თვეა პოლიტიკური საბჭოს სხდომებს არ ვესწრები, მაგრამ მაინც ვხვდები რა შავ დღეშია ეს პოლიტიკური ორგანიზაცია.
ჩემი მომავალი გეგმები გამოცხადდება დაახლოებით ორ კვირაში. ფორმასთან დაკავშირებით ჩამოვყალიბდები. ყველას აქვს არჩევანის უფლება. მე შეიძლება ვიპოვო საერთო ენა „ქართული ოცნების“ წევრებთანაც. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იდეების გარშემო, თუმცა გამოვრიცხავ, რომ რომელიმე პარტიას შევუერთდე.
ჩემი მარგი ქმედების კოეფიციენტი ვერ იქნებოდა ისეთი,როგორიც ბატონ ვოლსკის სურს. არ შემიძლია ყოველთვის ვამბობდე კი-ს, არასდროს არა-ს. ვერ გამოვდგები ასეთ პოლიტიკოსად და ადამიანად.
არჩევნების გაყალბების რისკები იზრდება. „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ კატასტროფულად დაბალი ნდობით კონკურენტულ და დემოკრატიულ გარემოში ნორმალური ადგილის დაკავება გაუჭირდებათ. ლოგიკურია, რომ მმართველ პარტიაში ფიქრობენ რა არალეგალური მანქანებით შეინარჩუნონ ძალაუფლება. ეს სახიფათო თამაშია და შესაძლოა ქვეყანა შარში გახვიონ“.
არმაზ ახვლედიანმა ისაუბრა ასევე პრემიერ-მინისტრის როლზე მმართველ გუნდში.
„ბატონი კვირიკაშვილი ვერ პრემიერ-მინისტრობს. არსებით საკითხებზე გადაწყვეტილებებს ის ვერ ღებულობს. იგი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაშია.ბიძინა ივანიშვილი რომ დარჩენილიყო პრემიერ-მინისტრად იყო შანსი, რომ პარტიაშიც დაწყებულიყო რეალური განახლების პროცესი. მისი წასვლით ეს პროცესი მოკვდა. პარტია ვეღარ განვითარდა. ის, რაც მმართველ გუნდში ხდება,არის ანომალია და შევედით ჩიხში. არ მახსენდება არც ერთი არსებითი გადაწყვეტილება, რომელიც აჩვენებდა,რომ ეს ხელისუფლება მიდის დემოკრატიისკენ. თუ მხოლოდ განცხადებებს არ ჩავთვლით“.
მანანა ღოღობერიძე