„ყოველწლიურად ხდება 600-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება. ავტო-საგზაო შემთხვევებისას ჩვენ ევროპაში ყველაზე მეტ მოქალაქეს ვკარგავთ. უფრო მეტს, ვიდრე ომებში და სტიქიური უბედურებების დროს. რა შეიძლება მოხდეს ამაზე უარესი, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დაინტერესდეს“. საგზაო უსაფრთხოებისთვის აუცილებელ რეფორმებზე და უბედური შემთხვევების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა ტელეკომპანია Palitra News – ზე, გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში.
„შარშანდელი მონაცემებით რუსეთის შემდეგ ვიყავით პირველ ადგილზე. ახლა ჩვენ ვართ პირველ ადგილზე დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით. ვიწამლებით და დაავადებები ყველა მიმართულებით არის გაზრდილი. სახელმწიფო ფაქტობრივად მშვიდად ადევნებ თვალს როგორ იღუპებიან ჩვენი მოქალაქეები.
მიზეზი იწყება იქედან, რომ სიჩქარის გადაჭარბებისას და უწყვეტი ხაზის გადაკვეთისას ჯარიმა განახევრდა. ეს დარღვევები ხშირად ხდება სიკვდილიანობის საფუძველი. შინაგან საქმეთა სამინისტროში თავადაც აღნიშნავენ,რომ ეს იყო შეცდომა.
არ გვაქვს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია. უცხოელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებული რეფორმების გეგმა დევს თაროზე. ევრო-დირექტივებს კიარ გვაიძულებენ, გვირჩევენ. ტექ-დათვალიერების გარეშე ევროინტეგრაცია შეუძლებელია. ეს არის სფერო, სადაც რეფორმა არასოდეს გატარებულა. არავის გაუკეთებია შემოწმება თუ რამდენი გაუმართავი ავტომობილი გვყავს. პრემიერ-მინისტრი პირადად უნდა დაინტერესდეს და მოისმინოს ჩვენი რჩევები. სახელმწიფო იქცა მკვლელ მანქანად.
არ არსებობს სტრუქტურა,რომელიც პრევენციას გაუწევს საგზაო უსაფრთხოებას. უბედური შემთხვევა შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც სახელმწიფო განათლებას მისცემს სწორად, მართვის მოწმობას გასცემს სწორად, საპატრულო პოლიცია რეაგირებას მოახდენს დარღვევებზე. ყველაფერ ამის შემდეგ თუ მაინც ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა,ეს არის უბედური შემთხვევა. თუ არაფერ ამას არ აკეთებ, ნიშნავს,რომ თანამონაწილე ხარ იმ სიკვდილიანობის რაც საგზაო მაგისტრალებზე გვაქვს,“ – განაცხადა დავით მესხიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე