“მე პრო-დასავლური საგარეო კურსი მიმაჩნია სწორად, თუმცა გადაჭარბება მიუღებელია. გეგონება დავით აღმაშენებლის დროიდან ყველა ევროატლანტიკისკენ მიდიოდა. „ნატო“ გვინდა, მაგრამ არ არის შესაძლებელი.“ რესპუბლიკური პარტიის წევრების საქმიანობაზე და საგარეო პოლიტიკურ კურსზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა palitra news-ზე, გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში ისაუბრა.
„რესპუბლიკური პარტია ხშირად იყენებდა ქართულ ოცნებას,როგორც თავის სატელიტ ფრაქციას. 9 კაციანი ფრაქციით მართავდნენ პარლამენტს და ფაქტობრივად მთელ მთავრობას. მიიღეს უზარმაზარი თანამდებობები. როდესაც პატრიარქის, საზოგადოების და მართლმადიდებლობის შეურაცხყოფა ხდება, ამაზე დუმან. მათი წევრები პატრიარქს აკრიტიკებდნენ და ეს თითქოს დემოკრატიაა. ლგბტ თემებით სპეკულირებენ, თითქოს ვინმე ვინმეს სახლში უვარდება. არასამთავრობოების აქტიურობაც ყოველთვის მიმართულია ეროვნულის წინააღმდეგ.
რესპუბლიკელებმა რთული დილემის წინაშე დააყენეს პრემიერი, როდესაც მოუწოდეს ჩემი და ჩემნაირებისგან პარტიის განთავისუფლება. ფაქტობრივად მბრძანებლის კილოთი უთხრეს და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს. გამოდის, რომ კვირიკაშვილი უნდა შეგველიოს ჩვენ. უხეშად ერევიან სხვა პარტიის საქმიანობაში და თავად არაფერს არ წარმოადგენენ. „ქართული ოცნების“ გარეშე ისინი არიან ცარიელი ადგილები, ამას ამომრჩეველიც დაადასტურებს. ჩვენების ბრალი იყო, რომ დაყვნენ მაგათ თამაშის წესებს. „რესპუბლიკელებს“ ამომრჩეველი არ ყავთ. საეჭვო წარმომავლობის პოლიტიკოსები როდესაც ტივტივებენ, ეს ნიშნავს, რომ მათ ვიღაც ნიშნავს. ამიტომაც აქვთ მენტორული ტონი.
მე ვმიჯნავ ევროკავშირს და ნატოს.სხვა პოლიტიკური ძალები ერთმანეთს აწებებენ. მნიშვნელოვანია ვიზა-ლიბერალიზაცია და ასოცირების ხელშეკრულება. ამ ნაწილში ყველა თანხმდება. ჩემთვის უზენაესი ამოცანა არის ქვეყნის ტერირორიული მთლიანობა, ენის, რელიგიის შენარჩუნება. ნატოსგან როცა ამას ვხედავდით იმედები გაგვიცრუვდა. პრობლემებიანად ისინი ვერ გვიღებენ.
რა თქმა უნდა მე მყავს თანამოაზრეები. ეს არის თავად ხალხი,რომელთაც აქვთ ეროვნული მოთხოვნილება. მე და ბიძინა ივანიშვილი თანაკურსელები ვართ, ეს მართალია. შეიძლება კაცებს ერთი ქალის გამო მოუვიდეთ ჩხუბი, მაგრამ ერთი სამშობლოს სიყვარულით არ შეიძლება მტრობა ჰქონდეთ. მე მჯერა,რომ რასაც ვაკეთებ არის სწორი, მიუხედავად იმისა, მოეწონება თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილს,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მანანა ღოღობერიძე