„ეს გაურკვევლობა დიდხანს არ შეიძლება იყოს და მითითებები სხვა პარტიებისგან არ გვჭირდება. მოგვიწოდებენ, რომ გავრიცხოთ ან სამარცხვინო დაფაზე გავაკრათ ჩვენი წევრი. როგორმე, „ქართული ოცნება“ თავად მოახერხებს გადაწყვეტილების მიღებას“. საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე, თამაზ მეჭიაურის განცხადებების მნიშვნელობაზე და „ქართული ოცნების“ გუნდის პოზიციაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია „GDS“-ზე, გადაცემა „2030“-ის ეთერში.
„პარტიებს საკმარისი დრო ექნებათ საკუთარი თავის გამოჩენისთვის, თუმცა ეს იწვევს დამატებით ხარჯებს ბიუჯეტში. მოგვიწევს გავცეთ დამატებითი ხელფასები. უკეთესი იქნებოდა კამპანია 8 ივლისიდან დაწყებულიყო.
ეს არის ერთი ინდივიდუალური დეპუტატის პოზიცია, რომელსაც არ ვიზიარებთ. ეს არის უხერხულობა და არასასიამოვნო პროცესი, განსაკუთრებით წინა საარჩევნოდ. ქვეყანა არ უნდა დაზარალდეს. ეს არ უნდა იყოს გაგებული „ქართული ოცნების“ უმრავლესობის, ხელისუფლების ან მთავრობის პოზიციად. არავითარი კითხვის ნიშანი ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით არ არსებობს.
თუ თამაზ მეჭიაურს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა, რატომ არ იყო გაჟღერებული ადრე, რატომ მოხდა ეს არჩევნების წინ. არ ვიცი ბატონი თამაზი რას გეგმავს. არ ვიცი როგორი იქნება მისი პოლიტიკური არჩევანი ხვალ. როდესაც შენი,როგორც დეპუტატის მოსაზრებები განსხვავდება გუნდის ოფიციალურად გაცხადებული პლატფორმისგან,ბუნებრივია გექმნება პრობლემა და ლოგიკურია თავად გაემიჯნო ამ გუნდს.
ის,რომ რესპუბლიკურ პარტიას მეტი გავლენა აქვს, არ არის სწორი. ჩვენ თავის დროზე მივიღეთ გადაწყვეტილება და დავით უსუფაშვილს ერთხმად დავუჭირეთ მხარი. მინისტრთა კაბინეტშიც მნიშვნელოვანი თანამდებობები რესპუბლიკელებს აქვთ, მაგრამ ისინი უმრავლესობაში არ არიან.
მე, არ მოვუწონებდი თამაზ მეჭიაურს ქალი მინისტრის მიმართ მსგავსი განცხადებების გაკეთებას. არ შეიძლება ქალის დისკრიმინაცია იმის გამო, რომ ის არის ქალი და უნდა იყოს სამზარეულოში. ეს არ შეფერის ბატონ თამაზს და აზარალებს ჩვენს გუნდს. ჩვენ პარტიას არ აქვს ასეთი მიდგომები ქალების მიმართ“.
მანანა კობახიძემ შეაფასა ასევე ყოფილი თანაგუნდელის, არმაზ ახვლედიანის განცხადებები.
„უნდა მოვუფრთხილდეთ მთავრობის მეთაურს და ვიყოთ მეტად ზომიერები პრემიერ-მინისტრის შეფასებისას. უმჯობესია დავხვეწოთ პოლიტიკური კულტურა და გუშინდელი თანაგუნდელები მეორე დღეს ერთმანეთს თავს არ ესხმოდნენ მიუღებელი ფორმებით, გაუგებარი სიტყვებით. ეს ღირსებას არავის მატებს. ცხოველებთან და ნიანგებთან შედარება არ მეტყველებს მაღალ პოლიტიკურ კულტურაზე. ჩვენი ამომრჩეველი არ იმსახურებს უყუროს გაუთავებელ შეურაცხყოფებს პოლიტიკოსების მხრიდან“.
მანანა ღოღობერიძე