„ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგა. მთელი ცხოვრება ხალხის სიყვარულის მეტი არაფერი მიმიღია. დადგა დრო, რომ ხალხს მადლობა გადავუხადო“. საქართველოს განვითარების ფონდის თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილების შესახებ „ტვ-პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ ისაუბრა.
„სხვა ვალდებულება მაქვს. დრო მიდის და არაფერი იცვლება. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩემს გვერდით არიან პროფესიონალები. 3 თვეში დავდებთ საქართველოს განვითარების ხედვას. ახლანდელი მთავრობა დროს “კლავს” კაბინეტებში. მთავარი პრობლემა მათთვის გადაწყვეტილების მიღებაა. სოფლებში, გარეუბნებში ხალხი უბრალოდ არსებობს. მათ უნდა იგრძნონ, რომ ცხოვრობენ.
რა საქმესაც აკეთებ, უნდა გიყვარდეს. „ღვინო კახურო“ კარგად იმიტომ გამომდის,რომ მიყვარს კახური ღვინო და გემრიელად ვსვამ. მთავარია ამ ქვეყნიდან სუფთა ნამუსით წავიდე. ჩემი პოლიტიკაში ჩართვა იძულებითი იქნება“.
პაატა ბურჭულაძემ საკუთარი გადაწყვეტილების მიმართ პატრიარქის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.
„მე ისე მიყვარს ჩვენი პატრიარქი, რომ უხერხულ მდგომარეობაში არასოდეს ჩავაყენებ. არ ვკითხავ მექნება თუ არა მისი მხარდაჭერა. ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ გვქონია. ვუთხარი, რომ ვაყალიბებ პოლიტიკურ გუნდს და გეგმები გავაცანი. არ ვაკადრებ ვკითხო, მიჭერს თუ არა მხარს საპატრირქო. ვიცი, რომ ამ ნაბიჯს მხოლოდ მომიწონებს“.
მანანა ღოღობერიძე