გერმანიის ხელისუფლება მიგრანტთა კრიზისის მოსაგვარებლად 2020 წლის ბოლომდე 93 მილიარდ 600 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ფინანსთა სამინისტროს ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებულია განსახლებისა და ინტეგრაციისთვის საჭირო ფინანსები.
კერძოდ, ოფიციალური ბერლინი უმუშევარი მიგრანტებისთვის 25,7 მილიარდ ევროს გამოყოფს, ხოლო 5,7 მილიარდი ევრო ენის კურსებზე დაიხარჯება. მიგრანტთა კრიზისთან გამკლავებისთვის საჭირო სამუშაოებზე გერმანიის ხელისუფლება მხოლოდ მიმდინარე წელს 16,1 მილარდ ევროს გაიღებს.
ოფიციალური ბერლინი იმედოვნებს, რომ 5 წლის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა 55%-ი დასაქმებული იქნება. დაფინანსების გამოყოფის საკითხს გერმანიის ხელისუფლება ფედერალურ ერთეულებთან განიხილავს. სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადმა იკლო, რაც ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ გამოიწვია.