„შოუს ძირითადი ნაწილი დასრულდა. საკრებულოში ჩემი მისვლის მიზანი იყო ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი ქალაქის მერიაში არის ქალაქის მერი“. საკრებულოში ვიზიტის შესახებ და სკანდალური აუქციონის დეტალებზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „ტვ-პირველზე“, გადაცემა „რვიანის“ ეთერში ისაუბრა.
„წინასწარ ვიცოდით, რომ ოპონენტები ყველაფერს გააკეთებდნენ პოლიტიკური ქულების დასაწერად და შოუს ელემენტების შესატანად. მათ ეს გეგმები ჩაეშალათ და ამიტომ დროზე ადრე დატოვეს საკრებულოს სხდომა.
ნათელია, რომ ყველა პროცედურა არის კანონმდებლობის დაცვით განხორციელებული. ელექტრონული აუქციონები ყოველ კვირას იმართება და ვაჭრობის შედეგად ინვესტორებთან იდება ხელშეკრულება. ეს შემთხვევა არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი აუქციონებისგან. კომპანია „ფინსერვისი“ იყო დაინტერესებული მონაწილეობით, თუმცა სხვა კომპანია, რომ ყოფილიყო დაინტერესებული, ისიც ზუსტად იმავე პირობებში იქნებოდა.
აუქციონი საშუალოდ 10 დღიანი ვადით ცხადდება, თუმცა 12 დღის განმავლობაში იყო გამოცხადებული ეს პროცესი. მომზადება 2-3 დღეშიც შეიძლება, ამით პროცედურები არ დარღვეულა. მიწის ღირებულება საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით შეაფასა აუდიტორმა კომპანიამ. გაუგებარია რა ეჭვი უნდა არსებობდეს.
ინვესტორი გარდა იმისა, რომ 7 მილიონი უნდა გადაიხადოს, ვალდებულია ააშენოს 80 ნომერზე გათვლილი სასტუმრო, გაიყვანოს სარწყავი არხები და ეს ტერიტორია გახადოს რეკრეაციული ზონა. დღეს არსებული ნახევრად მეჩხერი ტერიტორიისა, სადაც უმრავლესობა ნამყოფიც კი არ არის, მივიღებთ გაცილებით უფრო მიმზიდველ გარემოს“.
დავით ნარმანიამ მილიონი ხის პროგრამასთან დაკავშირებულ ბრალდებებზეც ისაუბრა.
„მილიონი ხის პროგრამა არ იყო პოპულისტური წინასაარჩევნო დაპირება, ეს იყო რეალური. ნერგის 100 %-იანი გახარება შეუძლებელია მიუხედავად მოვლისა. ზოგი მხოლოდ აქა-იქ გამხმარ ხეებზე ფოტოების გადაღებით და მათი facebook-ზე ატვირთვით არის დაკავებული. მათ ხელში ბარი არავის უნახავს. ჯობს ჩვენთან ერთად წამოვიდნენ და თავად დარგონ ხეები“.
მანანა ღოღობერიძე