„დავივიწყოთ ალასანია და „ თავისუფალი დემოკრატები“. ჩემთვის პოლიტიკა ახლა მეასეხარისხოვანია. ეს არ არის პოლიტიკური შურისძიება სხვა პოლიტიკურ ძალაზე. ჩვენი დაანონსებული აქციაც არ იქნება პარტიული ნიშნით“. „თავისუფალი დემოკარტების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ ე.წ „კაბელების საქმეზე“ გამოტანილი განაჩენის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.
„5 უდანაშაულო, უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ადამიანის მსხვერპლად შეწირვა მოხდა მოსამართლის მიერ, რომელმაც ზუსტად გადაწერა ბიძინა ივანიშვილის დასკვნა. მისი არაფორმალური ხელები არის ყველა მართვის სათავეში. მთავარი არქიტექტორი არის ივანიშვილის მორჩილი ხელისუფლება,რომელიც მას ვერ ეწინააღმდეგება და პრაქტიკულად ყველაფერს „უპრავებს“.
ეს არის ხალხი უმწიკვლო რეპუტაციით. მათ არ ვიცნობდი, ისინი არ არიან ჩემი თანაგუნდელები პარტიული ნიშნით. ისინი მე დამხვდნენ სამინისტროში. ეს არის შეურაცხყოფა ადამიანების, რომლებსაც აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობა აქვთ დაცული.
არ არსებობს ბრალის მოტივაცია და ანგარებითი მიზანი. სასამართლომ სამოტივაციო ნაწილიც კი არ წაიკითხა. მთავარი მიზანი იყო ჩემი დისკრედიტაცია, საჰაერო თავდაცვის შესახებ ხელშეკრულების შეჩერება, რომელიც საფრანგეთთან მიმდინარეობდა. ხელმოწერის წინა საათებში, გამთენიისას მოხდა მათი დაკავება.
ივანიშვილს და ღარიბაშვილს პირდაპირ ედებათ ბრალი ამ 5 ადამიანის ტრაგედიაში. თუ მას უნდა, რომ მე ვაგო პასუხი შეუთანხმებელი ნაბიჯებისთვის, თუ უნდა ჩემზე იყაროს ჯავრი, დღესვე მზად ვარ წავიდე ციხეში და დაველოდო უსამართლობის დასრულებას,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მანანა ღოღობერიძე