საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობას გმობს და აღნიშნულზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო ძალებს აკისრებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, მომხდარი მიანიშნებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაცია უკონტროლოა.
“ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩის ხიდთან შემზარავი ფაქტი მოხდა. შეძრწუნებული ვართ მომხდარით. თანაგრძნობას ვუცხადებთ მოკლულის ოჯახს და მის ახლობლებს. ეს ცხადჰყოფს იმას, რომ აფხაზეთში სიტუაცია უკონტროლოა და სრული პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმის აუცილებლობას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, ცხინვალის რეგიონში აუცილებლად უნდა შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. პირველ რიგში, დავუკავშირდით ევროკავშირის მისიას და ისინი ადგილზე იმყოფებიან. მე, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, სატელეფონო საუბარი მქონდა სამივე თანათავმჯდომარესთან, ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან, ასევე საუბარი მქონდა გრიგორი კარასინთან, ისინი საქმის კურსში ჩავაყენე და მოვითხოვე რეაგირება”, – განაცხადა დონდუამ.
19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.