„ჩემს პარტიელებსაც ჰქონდათ უსამართლოდ მისჯილი 10-15 წელი. მაშინ ირაკლი ალასანიას სოლიდარობის სიტყვა კი არა, ერთი კითხვის ნიშანიც არ დაუსვამს გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით. ყველა რიგით მოქალაქეს გამოვუცხადებ სოლიდარობას, მაგრამ ირაკლი ალასანიას ნამდვილად არა. მას სხვის დასაცავად თავისი პოლიტიკური კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია“. ამის შესახებ „ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ტვ-პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიად დღის ამბებში“ ისაუბრა.
„ „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით მოვითხოვ პროკურატურისგან, რომ დადონ უტყუარი მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ. მე ამ საქმეს არ ვიცნობ,მაგამ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს“.
ნინო ბურჯანაძემ ახალი პოლიტიკური ფიგურების შესახებაც ისაუბრა.
„არანაირი მოლაპარაკებები ლევან ვასაძესთან არ მიმდინარეობს. ის არც აპირებს პოლიტიკაში მოსვლას. პაატა ბურჭულაძე არის ძალიან კარგი მომღერალი. ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს,რაც იცის. მან არ იცის პოლიტიკა და გაუგებარია რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. განცხადებები,რომ თურმე პოლიტიკა პროფესია არ არის, არასწორია. დიახ პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკოსებმა და როდესაც ხელისუფლებაში მოდის ბიზნესმენი, ფეხბურთელი ან მომღერალი, კარგად ვხედავთ რაც ხდება. ვწუხვარ, რომ პაატა ბურჭულაძემ ეს ნაბიჯი გადადგა. ეჭვები ნამდვილად არის მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირის შესახებ. ვერ წარმომიდგენია გონიერმა ადამიანმა დაუჭიროს მხარი მომღერალს. მან პოლიტიკის ანა-ბანაც არ იცის.
რაც უნდა არ მოსწონდეთ ბურჯანაძე, დღითი დღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი,რომლებიც მხარს გვიჭერენ და ჯერათ, რომ ლაპარაკის გარდა საქმეც შეგვიძლია,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მანანა ღოღობერიძე