„შეცდომები არის ნეგატიური და პოზიტიური გამოცდილება. ნეგატიური გამოცდილება მხოლოდ ჩვენ გვაქვს გააზრებული. ჩვენ არ ვიბრძვით პარლამენტში მხოლოდ 10, 20, 30 ან 40 ადგილისთვის. ჩვენ ვიბრძვით მოგებისთვის. სია არ იწერებოდა ერთ ოთახში, ერთ ადგილას, ცენტრალურ ოფისში. რეგიონებმა თავად აირჩიეს მათი წარმომადგენლები“. პარტიის განახლებული სიის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „პოლიტიკის“ ეთერში ისაუბრა.
„წინა არჩევნების საფუძველზე, დამსახურებების მიხედვით რეგიონებს კონფერენციების საშუალებით შეუძლიათ აირჩიონ ლიდერები. ამ დროს ვლინდება ადამიანები,რომლებიც შესაძლოა ჩვენ ვერ შეგვემჩნია.
ჩვენი სია უნდა გამოხატავდეს პრიორიტეტებს. აქ არის მკაფიო გზავნილები როგორც ეკონომიკის, ისე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. რომან გოცირიძე არის ერთ-ერთი საინტერესო პროფესიონალი, რომელსაც მნიშვნელოვანი რეფორმები აქვს გაკეთებული თავის დროზე. ეს არის გზავნილი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია.
ჩვენ ჯერ პრინციპები დავაჯგუფეთ და შემდეგ შევქმენით სია. მთავარი პრინციპი იყო ახალი ფიგურების შემოყვანა პოლიტიკაში და პარტიულ საქმიანობაში. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ცოცხალი და მუდმივად განახლებადი ორგანიზმი. ახალ ფიგურებს აქვთ წარმატებები სხვადასხვა რეფორმებში,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.
მანანა ღოღობერიძე