შავუოთი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ებრაული დღესასწაულია, რომელიც ჯერ კიდევ ეკლესიის ჩამოყალიბებამდე აღინიშნებოდა. დღესასწაული კაცობრიობის ისტორიის უდიდესი მოვლენის – სინაის მთაზე თორის მიღების გამო აღინიშნება, რაც ებრაული კალენდრის მიხედვით სამყაროს შექმნიდან 2448 წელს (ჩვ. წ. აღ-მდე 1312წ) მოხდა.
ებრაელები თორის მიღებას დღესასწაულობენ იმიტომ, რომ ეს წმინდა წიგნი მათ პატიოსნების, მორალისა და სამართლიანობის მცნებებს ასწავლით.
სახელწოდება შავუოთი, რომლითაც ეს დღესასწაული თორაშია მოხსენიებული, სიტყვა-სიტყვით ,,კვირეებს“ ნიშნავს. ეს განპირობებულია იმით, რომ მას ფესახის მეორე დღიდან ათვლილი შვიდი კვირის შემდეგ, ზუსტად ორმოცდამიათე დღეს აღნიშნავენ. ამდენად იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული პასექთან და განიხილავენ როგორც ფესახის დღესასწაულის გაგრძელებას.
შავუოთის დღესასწაული კიდევ რემდენიმე სახელწოდებითაა ცნობილი:
პირველი ნაყოფობის დღესასწაული – აქ აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ყველაფერი რაც ადამიანს აქვს ღმერთის საკუთრებაა. ებრაელთათვის პირველი ნაყოფების მიძღვნა ღმერთისთვის იყო მისთვის ნდობის გამოცხადების ნიშანი, მისდამი მორჩილების უმთავრესი პირობა. თუ ისრაელი ემორჩილებოდა ღმერთს მისი მაგიდა მუდამ სავსე იყო, მაგრამ თუ თავის ახირებებს აკეთებდა, მაშინ პური აკლდებოდა. ზუსტად ამიტომ უნდა მიეტანათ პირველი ნაყოფები ღმერთისთვის და გამოეხატათ მადლიერება. უძველესი ტრადიციის მიხედვით დღესასწაულზე მთელი ისრაელი თავიანთი მოსავლის პირველი ნაყოფებით: ხორბლით, ქერით, ყურძნით , ლეღვით, ბროწეულით, ფინიკით, ზეთისხილითა და დატვირთული ქარავანებით იერუსალიმის ტაძრისაკენ მიემართებოდნენ. ცეკვითა და საყვირის თანხლებით შედიოდენ ტაძარში, დებდენ თავიანთ ძღვენს და შემდეგ იერუსალიმის სახლებსა და ქუჩებში გრძელდებოდა მეტად სასიხარულო დღესასწაული.
ხორბლის სამკლის დაწყების დღესასწაულ – ამ დღეს მთელი ერის სახელით ხორბლის ორი დიდი პური შეჰქონდათ ტაძარში. ებრაული ტარდიციის მიხედვით ორი პური, რომელიც მარტო შავუოთზე ცხვებოდა და ტაძარში მიჰქონდათ, ორი ერის სიმბოლოა. პირველი, რა თქმა უნდა, ისრაელია, ხოლო მეორე ის წარმართები არიან, რომელნიც შეურთდნენ ისრაელს და ერთი ღმერთის რჩეულ ერად იქცნენ იესო ქრისტეს მეშვეობით. ეს დღესასწაული წინასწარმეტყველურ ხასიათს ატარებდა, რომელიც აღსრულდა 50-ე დღეს და სრულდება ახლაც.
შავუოთის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით ებრაელებს ბევრი ტრადიცია აქვთ. დღესასწაულის ღამეს რელიგიური ადამიანები კითხულობენ თორას, ფსალმუნებს და თალმუდს. ასევე, „რუთის“ წიგნს , რადგან ის სამკალზე და მოსავალზე მოგვითხრობს. და ასევე, რუთი გახდა ისრაელის ღმერთის მიმდევარი, ზუსტად ისე, როგორც ისრაელი გახდა ღმერთის მიმდევარი, როდესაც სინაის მთაზე მიიღო რჯული. ამ დღეს მიღებულია სახლებისა და სინაგოგების მორთვა მწვანე მცენარეებითა და ყვავილებით. მიირთმევენ რძის პროდუქტებს. ხუთი წლის ბავშვები ამ დღეს კითხულობენ ანბანს და კითხვის დროს მათ აჭმევენ თაფლს.
სოფიკო ნინიკაშვილი