როგორც წესი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში ტემპერატურა უმაღლეს ნიშნულს აღწევს. გამონაკლისი არც 22 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ჩატარებული საკრებულოს შუალედური არჩევნები გამოდგა, რომლის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ნამდვილი მუშტი-კრივი გამართეს. ჩხუბში, სპორტსმენებთან ერთად, ხელკეტებიც აქტიურად იყო ჩართული. ფიზიკური შეხლა-შემოხლისას, არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი – ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები. არეულობას ვერც ჟურნალისტები გადაურჩნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა გვასალიას, თქმით, დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა.
პროვოკაციაში დაპირისპირებული პარტიები ერთმანეთს სდებდნენ ბრალს.
როგორც ,,ქართული ოცნების“ განცხადებაში იყო აღნიშნული, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცნობიერებდნენ, რომ არჩევნებს კორცხელში დიდი უპირატესობით აგებდნენ, ერთადერთ გამოსავლად კი, პროვოკაციების მოწყობა და არჩვენებისათვის ჩრდილის მიყენება მიიჩნიეს.
„ეს იყო დარბევა, მოიყვანეს სპორტსმენები, მათ საარჩევნო პროცესთან არანაირი საერთო არ ჰქონდათ. დილიდან აგრესიულები იყვნენ, ბოლოს, როგორც ჩანს, სიგნალი მიიღეს, რომ არჩევნებს აგებდნენ და პირდაპირ ფიზიკურ თავდასხმაზე გადმოვიდნენ,“-ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება.
როგორც იმავე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გოკა გაბაშვილმა, აღნიშნა, სპორტსმენების ,,ზონდერჯგუფს”, უშუალოდ, გიორგი არეშიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც სპორტსმენებს ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსის გეგა გეგეშიძის შუამდგომლობით ამზადებს. შემკვეთი და დამფინანსებელი კი, ,,ნაცმოძრაობის” ინფორმაციით, ვიცეპრემიერი – კახა კალაძეა.
,,ჩვენ ვმუშაობთ სახეების ამოცნობაზე. ჯერჯერობით იდენტიფიცირებული გვყავს 14 ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ ყველაფერში. ესენია: კობა ტყეშელაშვილი; გიგა ტყემალაძე – ბრძოლა წესების გარეშე; ვლადიმერ გეგეშიძე- ბერძნულ-რომაული ჭიდაობა; გიო უბილავა – მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია; ნოშრევან წურწუმია – კარატეს ეროვნული ფედერაცია; ლევან დემურია, გიორგი გიგაური, ლაშა დვალიშვილი, გიორგი ყურუა, დავით ხორავა, ნიკა ჭკადუა, ნიკა ნანობაშვილი და ვახტანგ წურწუმია”, – განაცხადა გაბაშვილმა.
კახა კალაძემ ოპოზიციის ბრალდება უარყო და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გარკვეულ უბნებზე ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში, პროვოკაციების მოწყობასა და ხალხის გაღიზიანების მცდელობაში დაადანაშაულა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა – გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:
,,ვინაიდან დღეს არსებული კანონი არ ითვალისწინებს მსგავს ფაქტებზე საკმარისად მკაცრ სასჯელს, ვავალებ იუსტიციის სამინისტროს, სასწრაფოდ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე, წარმოადგინოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც გამკაცრდება სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე. ხელისუფლება არ დაუშვებს ძალადობას საარჩევნო პროცესში, ჩვენი რეაგირება იქნება უმკაცრესი, ნებისმიერი მოძალადის მიმართ, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის,”– ნათქვამია განცხადებაში.
თვითმხილველების ნაწილი ინციდენტის დროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მუშაობას უარყოფითად აფასებდა და უმოქმედოს უწოდებდა.
სახალხო დამცველის – უჩა ნანუაშვილის თქმით, სამართალდამცავთა ვალდებულებაა, არა მხოლოდ დანაშაულის გამოძიება, არამედ მსგავსი ძალადობრივი ქმედებების პრევენცია, თუმცა, მისი შეფასებით, სოფელ კორცხელში პოლიციამ საკუთარი მოვალეობები ვერ შეასრულა.
თავად საპატრულო პოლიციაში უმოქმედობის შესახებ არსებულ ბრალდებას უარყოფდნენ და სამართალდამცავებს საგამოძიებო ოპერაციებში მყისიერ მოქმედებებს უსვამდნენ ხაზს.
ფიზიკური შეხლა-შემოხლის შედეგად დაზარალებულთა მეორე მხარეს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჟურნალისტები წარმოადგენდნენ, რომლებმაც პოლიტიკოსებზე არანაკლები დაზიანებები მიიღეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კორცხელის საარჩევნო უბანზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის ფაქტებს გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს ჟურნალისტებისადმი ძალადობის ყველა ფაქტის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა:
„22 მაისს ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანზე მომუშავე ჟურნალისტებს პროფესიულ მოვალეობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ. ადგილობრივი ინტერნეტ გამოცემის – ,,livepress.ge-ის“ ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უშლიდნენ ხელს, მოსდევდნენ, ემუქრებოდნენ, გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ, კამერების წართმევას ცდილობდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ,“-წერია განცხადებაში.
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლაზე საუბრობს კიდევ ერთი მედიასაშუალება – „ipress.ge.“ კორესპონდენტის, ირმა მესხიას თქმით, გარკვეულმა ჯგუფმა კონკრეტულ მასალაზე მუშაობის პროცესში წაართვა კუთვნილი ტელეფონი, საიდანაც წაუშალა ყველა აუდიოჩანაწერი და ფოტომასალა და დაემუქრა.
რაც შეეხება ინციდენტის შემდგომ ვითარებას – მომდევნო დღეს კორცხელის 53-ე და 54-ე საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით, ,,ქართულმა ოცნებამ,“ ზუგდიდის საარჩევნო კომისიას მიმართა. პარტიის წევრთა განმარტებით, აღნიშნულ უბნებზე არჩევნები სტრესულ გარემოში ჩატარდა, რაც შედეგების გაუქმების საფუძველი უნდა გამხდარიყო.
„ხმის დათვლის პროცესი წარიმართა ხარვეზებით, დაძაბულობებისა და შეცდომების გამო, რამდენჯერმე გადათვალეს ბიულეტენები და 53-ე უბანზე ხელმოწერების რაოდენობა ნაკლები აღმოჩნდა ბიულეტენების რაოდენობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართა უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში და მხარეთა დაპირისპირების ფონზე, აუცილებელია, გაიხსნას დალუქული პაკეტები, ხელახლა გადაითვალოს ბიულეტენები, რათა მხარეები დარწმუნდნენ შედეგების ნამდვილობაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა, ხმების ხელახლა გადათვლის შემდეგ, საბოლოო შედეგი არ შეცვლილა და არჩევნებში გამარჯვება ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს დარჩა.. ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ – ვარადებულ ლაშხიას ხმა ამომრჩეველთა 49,76 %-მა (623 ხმა) მისცა, ,,ქართული ოცნების” კანდიდატ – ამირან ლაგვილავას კი- 48,96 %-მა (613 ხმა). შესაბამისად, მმართველი პარტიის კანდიდატი ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატთან 10 ხმით დამარცხდა.
რაც შეეხება, საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგებს – 9-დან 7 საარჩევნო ოლქში ,,ქართული ოცნების, 2-ში კი – ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის ინციდენტიზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. განცხადება პროკურატურაში თინა ბოკუჩავამ და ირაკლი აბესაძემ შეიტანეს. სარჩელში იდენტიფიცირებულნი იყვნენ ის პირები, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.
კორცხელში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) არის დაწყებული. შესაბამისი ექპერტიზა დანიშნულია, ხოლო მოწმეები იკითხებიან.
კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროში 24 მაისს ჩვენების მისაცემად საკუთარი ნებით მივიდნენ და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. მანამდე კი შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს.
საარჩევნო ციებ-ცხელება დროებით ჩაცხრა, წინ კი ოქტომბერში ჩანიშნული საპარლამენტო არჩევნებია. ვნახოთ, ამ ჯერზე მაინც თუ გაგრძელდება საარჩევნო უბნების მუშტი-კრივის რინგად ქცევის ტრადიცია…
ნატალია ჯალაღონია