Street workout (ქუჩის ვარჯიში) უკვე წლებია, რაც სპორტის ერთ-ერთ სახეობად თავს იმკვიდრებს საქართველოში. ბოლო დროს ეს მიმართულება იმდენად განვითარდა, რომ მისი მიმდევრები ტელევიზიის მეშვეობით სხვადასხვა მეგაპროექტშიც კი ჩნდებიან და თავიანთი სანახაობრივი ნომრებით მაყურებელს აoცებენ. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემამ, ჟურნალმა vogue, საქართველოში ყოფნის პერიოდში სწორედ ქუჩის ვარჯიშში დახელოვნებულ სპორტსმენებზე გაამახვილა ყურადღება.
ჟურნალისტი სტატიაში თავის გამოცდილებაზე საუბრობს იმ სპორტულ აქტივობებთან დაკავშირებით, რომლებითაც შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს, როგორც ნიუ-იორკის მცხოვრებმა: რამდენიმესართულიანი სატრენაჟორო დარბაზები, ფიტნეს კლასები, კეთილმოწყობილი საშხაპეები, იოგას კლასები და ა.შ, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ყოველივე ზემოთხსენებული საკმაოდ ძვირადღირებულია და დიდი გადასახადების გადახდაც უწევს. მიუხედავად იმისა, რომ კომფორტული სავარჯიშოები მის მშობლიურ ქალაქში მრავლადაა, ის ამბობს, რომ მხოლოდ ექვსდღიანმა ქუჩის ვარჯიშის გამოცდილებამ აგრძნობინა თავი საუკეთესო ფორმაში.
საქართველომ, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანაა და გეოგრაფიურად რუსეთსა და თურქეთს შორისაა მოქცეული, ქუჩის ვარჯიშის ხელოვნების საუკეთესო შთაბეჭდილებები დაუტოვა. ის იხსენებს პატარა პარკს,რომელშიც ბიჭების ჯგუფი გაიცნო და აქვე შენიშნავს, რომ თუ ვინმესთვის ბიჭები სასაცილოდ და არასერიოზულად ჟღერს, სჯობს გაითვალისწინონ, რომ ეს 15 – 25 წლის ახალგაზრდები ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. ისინი თბილისში დაფუძნებული ჯგუფის Bar Warriors (ტურნიკების მებრძოლი) წევრები არიან.
ქუჩის ვარჯიშის თან ახლავს ძალიან ბევრი თავისუფალი სტილის ტრიუკები: ხელებზე დგომა, ახტომა, აზიდვები და ა.შ. სპორტის ეს სახეობა ძალიან პოპულარულია აღმოსავლეთ ევროპაში: უკრაინიდან მოლდავეთამდე, რუსეთის ჩათვლით. როგორც ამერიკელ ჟურნალისტს ქართველება უთხრეს, ქუჩის ვარჯიში ძალიან პოპულარული იყო საბჭოთა პერიოდში, მაგრამ განსაკუთრებულად ტრენდული გასული რამდენიმე წლის წინ გახდა. არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სპორტდარბაზის წევრობა და შესაბამისი აღჭურვილობის ქონა, საკმაოდ ძვირი და რთულადმოსახერხებელი რამაა. ქუჩის ვარჯიში კი აბსოლუტურად უფასოა. საჭიროა მხოლოდ საკუთარი სხეულის ფლობა და ამ საქმისთვის თავის მიძღვნა.
„ქუჩის ვარჯიში არის ნამდვილი ვარჯიში,“ – ამბობს 25 წლის საბა ხიზანიშვილი. „ნამდვილი ვარჯიში იწყება ქუჩაში და არა სპორტულ დარბაზებში,“–შენიშნავს ახალგაზრდა სპორტსმენი.
ჟურნალისტი რეკომენდაციის სახით მიმართავს მკითხველს, ვინც სტატიის გაცნობის შემდეგ ქუჩის ვარჯიშით დაინტერესდა, შეუძლია ვიდეო იხილოს:
ნანუკა მაღლაკელიძე