„გამოსაშვებ გამოცდებზე მოსწავლეს უწევს მინიმალურზე მინიმალური კომპეტენციის დადასტურება, და არ არის სასიხარულო ეს სურათი. 40-დან მოსწავლემ დაახლოებით 15 უმარტივესი დავალება უნდა ამოხსნა, მე პირადად ამას ბარიერსაც არ დავარქმევდი“. ამის შესახებ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ტელეკომპანია „ GDS“-ზე, გადაცემა „2030“-ში ისაუბრა.
„გამოსაშვებ გამოცდაზე 47000-მდე მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას, მაგრამ 2900-მდე აბიტურიენტი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში. გაცილებით უფრო ცუდი შედეგებიც გვქონდა. დასკვნას ვერ გავაკეთებ,რომ წელს უარესი მდგომარეობა იყო. გამოიკვეთა ორი საგანი, მათემატიკა და უცხო ენა, სადაც პროცენტულად ბევრად მეტმა ვერ გადალახა ბარიერი,ვიდრე წინა წელს. არ არის სავალალო შედეგი, თუმცა მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც ზღვარი ვერ გადალახეს, თუნდაც 200 რომ იყოს, ეს ყველა ჩვენგანისთვის მტკივნეულია.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ყოველწლიურად ახალი ტესტი მზადდება. ვცდილობთ სირთულე იყოს მიმსგავსებული წინა წელთან, ამას ვახერხებთ. თუმცა კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება რადიკალურად განსხვავებული სისტემაა. დავალებათა ბანკი წლების განმავლობაში იქმნება და დაახლოებით 10% ემატება ყოველ წელს. წინა წელთან შედარებით დავალებათა 10% იყო ახალი,შესაძლოა უფრო მცირე. ამიტომ კითხვის დასმა რთული იყო თუ მარტივი, არასწორია.
ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნები პრიორიტეტებად არის გამოცხადებული, თუმცა დღემდე რჩება პრობლემად. ძალიან მცირეა იმ მოსწავლეთა რიცხვი,რომლებიც მათემატიკას და ფიზიკას ირჩევენ ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებლად. ამ პრობლემას სისტემური მიდგომა სჭირდება.გასათვალისწინებელია კველევების შედეგები,რომ გამოსწორდეს სიტუაცია. ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციები უნდა იყოს გათვალისწინებული და არ იყოს თაროზე შემოდებული. მე ვიცი, რომ განათლების სამინისტრო სულმოუთქმელად ელოდება ახალი კვლევის შედეგებს და დაიგეგმება სტრატეგიული ნაბიჯები“.
მაია მიმინოშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებაც ისაუბრა.
„2016 წლიდან ბევრი სიახლეა დაგეგმილი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ნაწილობრივ ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას ვაპირებთ. ტესტურ დავალებებს წაიკითხავენ ეკრანზე და თავად პასუხების ფურცელზე იმუშავებენ. მომავალ წელს უკვე პასუხებსაც ელექტრონულად გასცემენ. ჩვენი მიზანი სრულად ელექტრონულ ვერსიაზე გადასვლაა, მაგრამ ეს არ არის ორი და სამი წლის პერსპექტივა. უნდა ვიყოთ დარწმუნებულები,რომ კომპიუტერული სისტემა სრულადაა ინტეგრირებული სასწავლო პროცესთან, მოსწავლეებს არ გაუჭირდებათ ტექსტის და ფორმულების აკრეფა,ნახაზის გაკეთება.
მოსწავლეების მიღწევებზე ბევრი რამ მოქმედებს. მხოლოდ გამოცდების შედეგებით ვერ ვიმსჯელებთ. სასკოლო რესურსები, მასწავლებლების კვალიფიკაცია, ოჯახი, მნიშვნელოვანი ფაქტორებია,“-განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მანანა ღოღობერიძე