1-ლი ივნისი 1949 წლიდან აღინიშნება, როგორც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ,,ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ” დააწესა და 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1-ლ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს საკუთარი დროშაც კი გააჩნია, რომელიც მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ სცნო. ეს მწვანე ფერის დროშაა, რომლის ცენტრშიც გამოსახულია დედამიწა და მის გარშემო 5 სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურაა.
დროშის მწვანე ფერი – ეს ჰარმონიის, სიცოცხლის და ნაყოფიერების ფერია. ის გვახსენებს, რომ ჩვენს გარშემო ცოცხალი, კეთილად განწყობილი სამყაროა და ეს ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ ნორმალური დამოკიდებულება გვქონდეს და ვზრუნავდეთ მასზე.
დედამიწა – ეს ჩვენი საერთო სახლია, მისი ლურჯი ფერი სამყაროზე და იმ ერთიანობაზე მიგვანიშნებს, რომელიც მხოლოდ გაგებითა და სიყვარულით მიიღწევა.
ხუთი ფერის ადამიანის ფიგურა კი სხვადასხვა რასის ხალხს გვახსენებს. რომელთა შორის მხოლოდ მეგობრული კავშირი უნდა იყოს. მათი ფეხების შეერთებისას წარმოქმნილი ვარსკვლავი კი ის დადებითი სხივია, რომელიც მსოფლიოს ადამიანთა კეთილგანწყობილი და მეგობრული ურთიერთობისას იკაშკაშებს. ხუთი სხვადასხვა ფერის წრე იმისი სიმბოლოა, რომ მთელს კაცობრიობას ერთი საწყისი აქვს.
თავში გამოსახული ადამიანის ლურჯი ფიგურა – ღმერთს გამოსახავს, რომელსაც ყველა თანაბრად უყვარს. ამიტომაც ჩვენ, ადამიანები – მასში განსახიერებულნი, ვალდებულნი ვართ კაცთმოყვარენი ვიყოთ, გვიყვარდეს ყველა, განურჩევლად მათი რასის, კანის ფერის, მრწამსისა თუ მატერიალური მდგომარეობისა.
დღესასწაულს, როგორც წესი, აღნიშნავენ ბავშვებისადმი მიძღვნილი კონცერტებით, გამოფენებითა და სხვა ღონისძიებებით; იმართებასაქველმოქმედო აქციები. ამ დღეს განსაკუთრებით ცდილობენ დაეხმარონ ბავშვთა სახლებს, ავადმყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, მიუსაფარ, გაჭირვებულ ოჯახებს, მრავალშვილიანებს. ცდილობენ აჩუქონ მათ საჩუქრები, გაუკეთონ სიურპრიზები და 1 დღე მაინც უქციონ დღესასწაულად.
ნატალია ჯალაღონია