„ „ქართული ოცნება“ და ნებისმიერი სხვა პარტია არის დიდი საბჭოთა ენციკლოპედიასავით ქაღალდზე დარჩენილი წიგნი. ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკურ ორგანიზმს, სამოქალაქო პლატფორმას, რომელიც ვიკიპედიასავით ძალიან სწრაფად გაიზრდება“. ამის შესახებ მოძრაობა „ახალი საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრა ნიუსზე“, გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში ისაუბრა.
„25 ოფისი კი არ გავხსენით, სახლები დაგვითმეს ადამიანებმა. როგორც ოფისები დაგვითმეს, იგივე კამპანია გვექნება დაფინანსების. თავად ჩარიცხავენ მოქალაქეები ჩვენს ანგარიშზე. ეს არის ახალი სტანდარტი, თვითორგანიზებულობა, არანაირი დავალება და შემსრულებელი. ყველას გვაქვს თითო ხმა და საერთო გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ვერტიკალურმა სისტემებმა თავის დრო მოჭამა, დღეს ყველა პოლიტიკური პარტია არის კომუნისტური მართვის სისტემის ქსეროასლი.
მე-11 ადგილით სკამი გარანტირებული იყო პარლამენტში მაგრამ ჩემი წამოსვლის მიზეზი ადგილი არ ყოფილა. პარტიების უმრავლესობა ჭაობშია შესული და ერთი ადამიანის გადაწყვეტილებას ეყრდნობა. მე ზუსტად ეს არ მომწონს და გადავდგი რისკიანი ნაბიჯი.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ ივანიშვილის დაფინანსების ქვეშ ვართ. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ უკრაინასთან და სააკაშვილთან ერთად ვატარებთ ამ პროექტს, საბოლოო ჯამში 25 ოფისი არც ბიძინას და არც სააკაშვილს ჩვენთვის არ გაუხსნია. ჩვენ მაქსიმალურად დავრბივართ რაიონებში, მე დაღლილს ვერ მნახავთ. სხვები ისევ კაბინეტებში არიან და ჭამენ ერთმანეთს. შურისძიების ძალით მოსული პოლიტიკური ძალა ვერ ახდენს საქმეზე კონცენტრაციას, ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა“.
გიორგი ვაშაძემ ვეტოს შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც შეაფასა.
„პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო სწორი, ამ კანონის მიღება არ შეიძლება. ეს არის გაგრძელება იმ სტრატეგიის, როდესაც კანონს არგებენ თავის ინტერესებს. ვეტოს გადალახვისთვის „ქართულ ოცნებას“ დაშლილი კოალიციის პირობებში გაუჭირდება მობილიზება“.
მანანა ღოღობერიძე