განათლების საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, აცხადებს ახალ სასტიპენდიო პროგრამას – „საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2016-2017“.
3 ივნისს, 12:00 საათზე, მწერალთა სახლში (მისამართი: ივ. მაჩაბლის ქ. N13), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროგრამის მიზნებსა და საკონკურსო პირობებს გააცნობენ.
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის სახელოვნებო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს. განაცხადების წარმოდგენის ვადაა – 2016 წლის 1 ივნისიდან – 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით (19:00 სთ).
2016-2017 სასწავლო წლისათვის ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულება/ დარგი/სპეციალობა:
- ხელოვნება;
- რესტავრაცია/კონსერვაცია
პროგრამა ითვალისწინებს ხელოვნების მიმართულებისა და რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის/სპეციალობის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას. დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალეობის პრინციპების დაცვით.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით – https://app.iec.gov.ge/. ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს ელ. განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს მის რედაქტირებას.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-16 წლებში 200-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.