„ჩვენ გვაქვს განცდა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაასრულა. საქართველომ ყველაზე რეკორდულ დროში, 2 წელსა და 9 თვეში დაასრულა ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობა. მოსახლეობა იმსახურებს ამ თავისუფლებას, რათა ამაზე ააგონ მათი მომავალი წარმატება“ ვიზალიბერალიზაციის მიმდინარე პროცესზე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში, გადაცემა „შაბათის კურიერში“ ისაუბრა.
“პრინციპულია, რომ საქართველოს უწყებების მიერ განხორციელებული სამუშაო გავითვალისწინოთ. გეგმა საქართველომ 2013 წელს დაიწყო და მას შემდეგ მოესწრო 65 საკანონმდებლო ცვლილების, 85 კანონქვემდებარე აქტის, 9 კონვენციის, 7 სტრატეგიის შემუშავება. სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ცოტა, ოთხი მოხსენება დასჭირდა საქართველოს იმისთვის, რომ კომისიას მისი წარმატება ეღიარებინა.
ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ორი ნაწილისგან შედგება, ერთი ეს არის კანონმდებლობა, რომელსაც დაეთმო პირველი ორი მოხსენება, რამდენად განახორციელა საქართველომ ცვლილებები კანონმდებლობაში. ხოლო შემდეგი ორი მოხსენება მიუთითებდა იმაზე, თუ როგორ მოქმედებდა ეს კანონმდებლობა პრაქტიკაში. არავინ უარყოფს,რომ ხარვეზები არის და ეს ჩვენი გამოსასწორებელია.
საქართველომ წარმატებას მიაღწია ზოგადად ევროპულ გზაზე. ეს შეეხებოდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას, ჩვენს გაზრდილ ექსპორტს ევროპულ ბაზარზე, განათლების და კულტურულ სფეროში წარმატებულ პროექტებს. ევროპის წინაშე დღეს ბევრი გამოწვევაა, მათ შორის მზარდი მიგრაციული კრიზისები. მიუხედავად ამისა ევროპის სახელმწიფოები პრინციპულად აღიარებენ, რომ საქართველომ დაასრულა მუშაობა და არის პროგრესი. ევროპა ინფორმირებული და მობილიზებულია. არამგონია, რომ ცვლილებებს რაიმე კავშირი საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებთან ჰქონდეს.
სასამართლო რეფორმების მესამე ფაზა, ინსტიტუციური გაძლიერების გზა ასოცირების ხელშეკრულების პარალელურად, მომავალი 2016 წლის არჩევნების დემოკრატიული ჩატარება, ეს არის ჩვენი გამოწვევა და აუცილებლად განვახორციელებთ. ეს ჩვენთვის არის პირობები დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვის,მაგრამ ეს არ არის პირობები ევროკავშირისთვის. ჩვენ ჯანმრთელობის კუთხით, c ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის კუთხით შევქენით პირობები, რის გამოც ხშირად საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს სხვა ქვეყნებში ეძებდნენ,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მანანა ღოღობერიძე