„დღეს ჩვენ აბსოლუტური უსამართლობა გვაქვს. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მურუსიძის სასამართლო არასოდეს გამოიტანს სწორ განაჩენს.ის ხომ არ არის ერთი ადამიანი, ის არის ვირუსი“ ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ „რუსთავი-2“-ზე, გადაცემა „შაბათის კურიერში“ ისაუბრა.
„ნუ ვისაუბრებთ მე რას ველოდი, ვისაუბროთ არსებულ მდგომარეობაზე. „საქართველოს განვითარების ფონდის“ დაარსებიდან ჩვენ პირველ რიგში მურუსიძის დანიშვნა გავაპროტესტეთ. გარშემო შემოიკრებს თავისნაირ ხალხს და ეს ვირუსი გამრავლდება. თუ დროზე არ აღვკვეთეთ, გამოუვალი მდგომარეობა გვექნება. დარჩა 4 თვე არჩევნებამდე, ეს ყველაფერი აფერხებს ჩვენს ურთიერთობას ევროპასთან, „ნატო“-სთან. საეჭვოდ ხდება,რომ მსგავსი პროცესები ემთხვევა სამიტებს, საერთაშორისო შეხვედრებს. შემთხვევითი არ შეიძლება იყოს ყოველთვის.
ბატონ ქიბარს მივმართავ, გამოიჩინოს ვაჟკაცობა და მიმართოს უზენაეს სასამართლოს, რომ როგორმე შეიკავოს თავი და არჩევნებამდე ნუ გადაწყვეტს ამ საკითხს. „რუსთავი-2“ ბევრ ადამიანს არ უყვარდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირების გამო. ამ საქმემ გააკეთა ის,რომ აბსოლუტური უმრავლესობა „რუსთავი“-ის მხარესაა. ასე ხდება ხოლმე,როცა საზოგადება ჩაგრულის დამცველად გვევლინება. ხელისუფლებას გეგმა პირიქით გამოუვიდა,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მანანა ღოღობერიძე