დღეს, საქართველოს ეროვნულს ბანკს ჩინეთის სახალხო ბანკის დელეგაცია ესტუმრა, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მიიღო.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჩინეთის სახალხო ბანკის ურუმჩის ფილიალის ვიცე-პრეზიდენტი იუ იონგშენგი (Mr. Yue Yongsheng), მონეტარული თანამშრომლობის განყოფილების დირექტორის მოადგილე თანგ ხინუი (Ms. Tang Xinyu) და მონეტარული პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვანგ დანი (Ms. Wang Dan).
ჩინეთის დელეგაციის წევრები გაეცნენ ინფორმაციას საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირებისა და მისი საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. სტუმრებმა გამოხატეს ინტერესი და მზადყოფნა ხელი მოეწეროს შეთანხმებას საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის ლარი/იუანის სავალუტო სვოპების შესახებ.
სტუმრები გაეცნენ საქართველოს საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას, რეგულაციებს და ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკას.
დღევანდელ შეხვედრაზევე დაიგეგმა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტისა და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ჩინელი კოლეგები საქართველოს ეროვნულ ბანკს სექტემბერში ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ასევე საქართველოსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერაც, როდესაც საბოლოოდ იქნება მიღწეული შეთანხმება სავალუტო სვოპების შესახებ.
ჩინეთის სახალხო ბანკი 1948 წელს დაარსდა. მსოფლიოს ფინანსურ ინსტიტუციებთან შედარებით ჩინეთის სახალხო ბანკი ყველაზე მეტი ფინანსური აქტივების მფლობელია. ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიშნავს. ჩინეთის სახალხო ბანკს აქვს 9 რეგიონალური ფილიალი და 303 მუნიციპალური განყოფილება, ასევე 6 წარმომადგენლობითი ოფისი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში.
31.-07.13