“არჩევნებზე თუ 80 ხმაზე ნაკლებს მიიღებს “ქართული ოცნება” ეკონომიკური რეფორმების გატარება გაძნელდება,” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, წარმოუდგენია თუ არა ყოფილ პრემიერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნა. მისი თქმით, თუ ისევ შედგა კოალიციური მთავრობა, ქვეყანა ძალიან ბევრ პრობლემას მიიღებს.
”კოალიციური მთავრობა პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. დემოკრატიისთვის კარგია და ამას ევროპელები და ამერიკელები მიესალმებიან. ჩვენ გვქონდა კოალიციური მთავრობა და ჩემი პიროვნება აბალანსებდა სიტუაციას, მაგრამ ახალ პირობებში და ახალ არჩევნებზე თუ 80 ხმაზე ნაკლებს მიიღებს “ქართული ოცნება” ეკონომიკური რეფორმების გატარება გაძნელდება. თუ ისევ შედგა კოალიციური მთავრობა, ძალიან ბევრ ახალ პრობლემას მივიღებთ. ასეთი მთავრობები ძირითადად რესურსების განაწილებაში არიან სათავისოდ და სერიოზული რეფორმები რჩება უყურადღებოდ, თუმცა, მე კოალიციური მთავრობის წინააღმდეგი არ ვარ. მაგრამ, ასეთი ეკონომიკის და მცირე დაფინანსების პირობებში როგორშიც ჩვენ ვართ, ძალიან რთული იქნება და შეუშლის ხელს საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას”, – განახცადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, პრემიერს და მთავრობას სჭირდება ძლიერი გუნდი.
”დემოკრატიას არაფერი ისეთი აღარ ემუქრება. ”ნაციონალები” 5 კაცით საოცრებას ვეღარ მოახდენენ, მაგრამ კოალიციური მთავრობა ასეთი ეკონომიკურ პირობებში იქნება ძალიან რთული. პრემიერს და მთავრობას სჭირდება ძლიერი გუნდი”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.