საერთაშორისო ბაზარზე გამოჩნდა ინოვაციური პროდუქტი – ფოტორატორი, რომელიც ბევრ მოგზაურს, ტურისტსა თუ, უბრალოდ, ადგილობრივ მაცხოვრებელს საშუალებას აძლევს ციფრულად აღბეჭდილი მოგონება მარტივად წაიღოს თან, ამობეჭდილი ფოტოს სახით. უფრო კონკრეტულად, ფოტორატორის შესახებ, „მემოგრამისა“ და „ფოტორატორის“ დამფუძნებელი, გაბრიელ მელივა გვესაუბრა:
საიდან გაჩნდა ფოტორატორის შექმნის იდეა?
– როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე, ეს იდეაც სპონტანურად გაჩნდა. მე და ჩემი მეუღლე ვმოგზაურობდით და როდესაც ჩამოვედით, ინსტაგრამიდან ვერ მოვახერხეთ ფოტოების დაბეჭდვა. ამ დროს მომინდა, რომ ყოფილიყო აპარატი, საიდანაც მარტივად დავბეჭდავდი ფოტოებს. მოვიძიე, თუმცა, მსგავსი ვერაფერი ვნახე და გადავწყვიტე შემექმნა თავად. დავიწყე ამ იდეაზე მუშაობა. პირველი პროტოტიპი ცხრა თვეში მივიღეთ და გავაგრძელეთ მუშაობა.
როგორ მუშაობს ფოტორატორი?
– არსებულ კონკურენტებს თუ შევადარებთ, იგივე ფოტო – ჯიხურებს, ფოტორატორი, მისი ზომიდან გამომდინარე, განსათავსებლად საკამოდ მარტივია და ბევრ ადგილას შეიძლება დადგმა, საკმაოდ მოსახერებელია. იგი ბეჭდავს ფოტოებს ინსტაგრამიდან, ბლუთუზიდან და ასევე თავისი კამერით შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტო და დაბეჭდოთ. ფოტორატორი ტრიალებს ღერძზე და შესაძლებელია სხვადასხვა მიამრთულებით, სხვადასხვა ხედების გადაღება, ასე რომ, მომხმარებელს შეუძლია თავად შეარჩიოს ხედი, რომელ მხარესაც მას ურჩევნია. აქვე ვიტყვი, რომ ვაპირებთ ფუნქციების დამატებას და განვითარებას.
პროდუქტზე დამოუკიდებლად იმუშავეთ თუ ჯგუფთან ერთად?
– თავიდან მარტომ დავიწყე მუშაობა, მეხმარებოდა და ახლაც აქტიურად მეხმარება ჩემი ძმა. შემდეგ უკვე შეიკრა გუნდი და როდესაც საქართველოს ბანკისგან მოვიპოვეთ დაფინანსება, ჯგუფი გაიზარდა და დღესდღეობით, ჯამში, ვმუშაობთ ბევრი ადამიანი, სხვადასხვა მიმართულებით, გვყავს პროგრამისტები, დიზაინერები და ა.შ.
თქვენ ახსენეთ, რომ „საქართველოს ბანკისგან“ მოიპოვეთ დაფინანსება, რა პროექტი იყო ეს და მისი დასრულების შემდეგ თუ გაგრძელდა ეს მხარდაჭერა?
– ეს გახლდათ პროექტი Vega start up lab, რომელიც აფიანსებდა დამწყებ ბიზნესებს და ჩვენ მოვიპოვეთ ეს დაფინანსება, რომელიც, ძირითადად, გულისხმობს ფინანსურ მხარდაჭერას. ისინი, ასე ვთქვათ, იყვნენ სტანდარტული აქსელერატორები, რომელთა მიერ გამოყოფილი თანხა ჩვენ მოვახმარეთ წარმოების გამართვას. თავდაპირველად გამოგვიყვეს ოფისი, რომელშიც ვმუშაობდით, თუმცა, შემდეგ დაიხურა ეს ოფისი და დამოუკიდებლად ვიქირავეთ.
მანამდე მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება თუ გქონიათ?
– როდესაც პროექტზე ფიქრი დავიწყე, ვმუშაობდი ბანში, პროფესიით ვარ ფინანსისტი. ძალიან ადრე, ახალი დამავრებული მქონდა სწავლა, გავაკეთე პირველი START UP პროექტი, რომელმაც რამდენიმე თვე იმუშავა და და წარუმატებლად დამთავრდა, დაიხურა. ამ პროექტის დაწყებისას გადავწყვიტე გადმოვსულიყავი ამ სფეროში, რადგან, ფინანსურადაც და ისედაც, ვფიქრობ, ბევრად უკეთესია აწარმოო საკუთარი პროდუქტი, ვიდრე იყო, უბრალოდ, დაქირავებული მომუშავე.
რა ადგილას არის განთავსებული ფოტორატორი, რის მიხედვით შეარჩიეთ ის და სხვა ადგილებზე თუ გეგმავთ განთავსებას?
– ფოტორატორი, ამ ეტაპზე, განთავსებულია საზღვარგარეთ – რუსეთში, დუბაიში, ბერლინში განთავსდება უახლოეს მომავალში, ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ლონდონთან. ჩვენთვის თურქეთი საკმაოდ საინტერესო ბაზარია და აქაც ვეძებთ პარტნიორებს. საქართველოში ჯერ – ჯერობით არ არის, თუმცა ვგეგმავთ. მოლაპარაკებები გვაქვს ადგილობრივ სასტუმროებთან, ეს მათთვის მიმზიდველი უნდა იყოს, რადგან ფოტორატორი ძალიან კარგი პროდუქტია დასასვენებელი ადგილებისთვის, კურორტებისთვის, სადაც ადამიანი მიდის და უნდა დასამახსოვრებელი ფოტოები წაიღოს იქიდან.
საზღვარგარეთიდან მზარდია პროდუქტზე მოთხოვნა?
– ზოგადად, ძალიან რთულია საქართველოში დაგეგმო საერთაშორისო მარკეტინგი. თავდაპირველად, ადამიანებმა, რომელებმაც შეიძინეს ფოტორატორი, მოხდა ისე, რომ გაიგეს შემთხვევით და ისე დაგვიკავშირდნენ. ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ ჩვენ თავად მივაწვდინოთ მომხმარებელს პროდუქტი და დავაინტერესოთ. ამასთან ერთად, ჩვენ გვინდა, რომ ტექნოლოგიურად არ ჩამოვრჩეთ, ავიღოთ შეკვეთების ისეთი რაოდენობა, რომლის მიწოდებასაც შევძლებთ.
პროექტზე ხელსწყობა თუ არის კერძო ან საჯარო სექტორისგან?
– ხელშეწყობა გვაქვს ინოვაციების ტექნოლოგიების სააგენტოსგან. ჩვენ მათი გრანტის მფლობელები ვიყავით. სხვა მხრივ, იშვიათია ამ სფეროში კომპეტენტური ადამიანის ნახვა, ვფიქრობ, ამასაც დრო მოიტანს და ჩვენც გავუზიარებთ ჩვენს ცოდნას ბაზარს. ჯერ-ჯერობით, ალბათ, შეიძლება, ჩვენც ვერ მივაწვდინეთ ხმა მათ, ვისაც საჭირო იყო.
ფოტორატორი მხოლოდ „ინსტაგრამზეა“ მორგებული თუ სხვა სოციალურ ქსელებზეც?
– ჩვენ გვინდა, რომ ეს პროდუქტი იყოს მაქსიმალურად მარტივი მოსახმარი საზოგადოებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობთ ისეთი ფუნქციების დამატებას, რომელიც არ დააბნევს მომხმარებელს. „ფეისბუკი“ რომ დავამატოთ, ჯერ–ჯერობით იგი არ იძლევა ამის საშუალებას, რადგან იქ საჭიროა მომხმარებლის ელექტრონული ფოსტისა და პაროლის შეყვანა. თუ გაიოლდება ეს წესი, „ფეისბუკი“ გახსნის ამ აპლიკაციას, ამ შემთხვევაში, შეიძლება სხვადასხვა რაღაცები დავამატოთ.
სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
– პირველ რიგში, ვგეგმავთ პროდუქტის დახვეწას, რათა შევძლოთ დავაკმაყოფილოთ მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნები. ასევე, ვფიქრობთ გამოვუშვათ ახალი მოდელი, რომელზეც ახლა ვაყალიბებთ და ვხვეწთ იდეას რა შეიძლება იყოს და, ზოგადი მიზანი ეს არის, ადამიანებმა მარტივად ბეჭდონ ფოტოები.
მარიამ ტაკაშვილი