ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ანალიტიკოსს ედუარდ სნოუდენს რუსეთმა დროებითი პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. დოკუმენტების მიხედვით, სნოუდენი დროებითი თავშესაფრით 2014 წლის 31 ივლისამდე ისარგებლებს.
აშშ სენატის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ში მძაფრი რეაქცია მჰოყვა რუსეთის ამ ნაბიჯს.
მწვავე განცხადებით გამოვიდა სენატორი მაკკეინი, რომელმაც ობამას ადმინისტრაციას მოსთხოვა რუსეთთან ურთიერთობის კარდინალური გადახედვა:
”რუსეთის საქციელი სამარცხვინო და მიზანმიმართული ძალისხმევაა, ზიანი მიაყენოს აშშ-ს. ეს არის სილის გარტყმა ყველა ამერიკელისათვის. ახლა დადგა დრო ძირფესვიანად გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობებს პუტინის რუსეთთან.
ჩვენ უნდა გვქონდეს საქმე რეალურ რუსეთთან და არა ისეთთან, როგორის დანახვაც გვინდა. ჩვენ არა გვაქვს უფლება სერიოზული პასუხის გარეშე დავტოვოთ პუტინის საქციელი.
პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ – მნიშვნელოვნად გავაფართოვოთ მაგნიტსკის სია, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ იმ პირებს, რომლებიც წინანდებურად დაუსჯელად პარპაშობენ რუსეთში.
ჩვენ უნდა დავასრულოთ რაკეტსაწინააღდეგო თავდაცვის ღონისძიებათა ყველა ეტაპი ევროპაში და გადავიდეთ ნატოს გაფართოების ახალ ეტაპზე – მათ შორის საქართველოს მიღებაზე ალიანსში!
ჩვენ უნდა დავგმოთ დისიდენტების პოლიტიკური დევნა რუსეთში, როგორებიც არიან მიხეილ ხოდორკოვსკი და ალექსეი ნავალნი. და ყველაზე მთავარი – ჩვენ ღიად უნდა დავუჭიროთ მხარი ადამიანებს, რომლებიც სულ უფრო ხშირად პოულობენ საკუთარ თავში სიმამაცეს, მშვიდობიანად მოითხოვონ მეტი თავისუფლება და კანონის უზენაესობა.
პუტინის რუსეთის დღევანდელმა საქციელმა საბოლოოდ უნდა გაუფანტოს ილუზიები ამერიკელებს, რასაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელ წლებში.
ჩვენ უნად გვქონდეს უფრო რეალისტური მიდგომა რუსეთთან და მე ვიმედოვნებ, რომ დღეს ჩვენ ეს უკვე გავიგეთ”.
შეგახსენებთ რომ, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის (CIA) და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის (NSA) ყოფილი თანამშრომელი ედუარდ სნოუდენი, რამდენიმე მუხლის დარღვევისთვის იძებნება აშშ-ის მიერ.
სნოუდენი 38 დღის განმავლობაში იმყოფებოდა მოსკოვში, “შერემეტიევოს” სატრანზიტო ზონაში და ელოდა თავშესაფრის მიღებას რუსეთის მთავრობისგან.
სწორედ სნოუდენმა მიაწოდა მედიას ინფორმაცია აშშ-ის და ბრიტანეთის მთავრობის საიდუმლო ინტერნეტ ჯაშუშური ქმედებების შესახებ.