„ჩვენ არა მხოლოდ წელს, 2015 წლიდან დავიწყეთ ამ საარჩევნო ციკლისთვის მზადება და გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, პირველ რიგში საგანმანათლებლო მიმართულებით. გვაქვს სიახლეები ინკლუზიური და ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემოს მხრივ“. მომავალი საპარლამენტო არჩევნების კონკრეტული პროცედურების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ „პალიტრა ნიუსზე“, გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში ისაუბრა.
„ეს იქნება დიდი მნიშვნელობის და მაღალი სტანდარტებით ჩატარებული არჩევნები. ქართველმა ამომრჩეველმა 25 წლის მანძილზე ისწავლა არჩევნების კარგად ჩატარება. არ ვგულისხმობ მხოლოდ ადმინისტრაციას, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოება.
ვცდილობთ ამომრჩეველს მივაწოდოთ მაქსიმალურად კომფორტული გარემო. რა თქმა უნდა ვემსახურებით პოლიტიკურ ძალებს, მაგრამ მთავარი ჩვენთვის არის ამომრჩეველი და მათი მომსახურება. ამომრჩეველს ექნება საკუთარი თავის გადამოწმების საშუალება. ასევე გვექნება მობილურის აპლიკაცია, რომლითაც მოქალაქეებს მობილურითაც შეეძლებათ სიაში თავის მოძიება. ელექტრონულად იქნება დამისამართებული თითოეული საარჩევნო უბანი. შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია,რომელიც გააკონტროლებს საჯარო მოხელეების საქმიანობას და მოხდება მათ მიერ შესაძლო დარღვევების პრევენცია.
არ იქნება საარჩევნო სიებში გაორებები. ამისთვის დამატებითი დაცვა არის, ის, რომ ყველა ამომრჩეველი სიაში იქნება საკუთარი ბიომეტრიული სურათით. ჩვენ ამავდროულად საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ვქმნით საარჩევნო უბნებს საზღვარგარეთ. არჩევნებამდე 21 დღით ადრე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა მივიდეს საკონსულოში და გაიაროს რეგისტრაცია. ეს რაოდენობა წინა შემთხვევებში დიდი არ ყოფილა. წინა არჩევნებზე დაახლოებით 17 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მთლიანად საზღვარგარეთის უბნებიდან“
თამარ ჟვანიამ ასევე საერთაშორისო სადამკვირებლო მისიების შესახებ ისაუბრა.
„რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი უნდა იყოს მოწვეული ამ არჩევნებზე. ეს იქნება თავად საარჩევნო პროცესის დაცვის მექანიზმი. „ეუთო“-ს მისია აპირებს დაახლოებით 350 გრძელვადიანი და 28 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნას, ასევე გარკევულ მისიას გეგმავს „ NDI” და „ IRI“ “.
მანანა ღოღობერიძე