„ყველაზე სასიხარულო ის იყო, რომ გაიფანტა ყველანაირი ეჭვი, თითქოს გერმანია განზე განუდგა საქართველოს. მე მჯერა კანცლერის გულახდილობის და იმის,რომ ანგელა მერკელი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. ყველანაირი შიში ცოტა გადაჭარბებულია,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ტელეკომპანია „GDS“-ზე, გადაცემა „2030“-ის ეთერში ისაუბრა.
„პრემიერის ვიზიტი რა თქმა უნდა იყო შედეგიანი. ამის დადასტურებაა ის კომენტარები, რომელიც გააკეთა გერმანიის კანცლერმა და პრემიერ-მინისტრმა პრეს-კონფერენციაზე. გერმანია იყო გამორჩეული და საქართველოსთვის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი სახელმწიფო აშშ-თან ერთად. ის კვლავ გააგრძელებს ამ ურთიერთობას.
წინა ხელისუფლების პირობებში გერმანიასთან ურთიერთობები პრაქტიკულად იყო გაჩერებული. ის არანაირ დინამიკას არ განიცდიდა. პირველი ვიზიტები აღდგა ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ. ჯერ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს და გიორგი კვირიკაშვილიც წარმატებით აგრძელებს ამ ურთიერთობებს. ეს ვიზიტი იქნება გარდამტეხი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული მიზნების განვითარების გზაზე“.
ზვიად კვაჭანტირაძემ გადაცემაში წინასაარჩევნო გარემოს შესახებაც ისაუბრა.
„საარჩევნო გარემო არის ნორმალური თუ არ ჩავთვლით კორცხელის ძალიან ცუდ ინციდენტს. ეს გარემო კიდევ უფრო დაიხვეწება, გვაქვს გეგმები დარჩენილი დროის მონაკვეთში. ვმუშაობთ საარჩევნო ქცევის კოდექსზე. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას,რომ გავამართლოთ პასუხისმგებლობა და არჩევნები ჩავატაროთ ყველაზე მაღალი დემოკრატიული სტანდარტით. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს და ეს ანგელა მერკელმაც აღნიშნა. ის ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსი ქალია მსოფლიოში და მან აღიარა საქართველოს მიღწევები. ჩვენთვის მხოლოდ ამ კომენტარსაც კი პოზიტიური შედეგების მოტანა შეუძლია“.
მანანა ღოღობერიძე