„2017-2020 წლებში ველოდებით 5 %-იან ეკონომიკურ ზრდას. ეს არის კატასტროფა. გაჭირვებული მოსახლეობიდან აკრებილ გადასახადებს მთავრობა ათას სისულელეში ფლანგავს. ეკონომიკური ზრდა ფაქტობრივად შეჩერებულია“. ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ-პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ ისაუბრა.
„ნოდარ ხადურს ესმის ეკონომიკა, ის წლების განმავლობაში ასწავლიდა უნივერსიტეტში და მით უმეტეს მიუღებელია, რომ ამართლებდა მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. ეს არის მთავარი პრეტენზია მასთან.
2012 წლის დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა იყო აბსურდი და ასრულების არანაირი რესურსი არ არსებობდა. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შანსი,რომ გაეტარებინა რეფორმები და ევლო სწორი გზით. მათ ეს შანსი ვერ გამოიყენეს. ისინი საკუთარი დაპირებების მახეში გაებნენ. „ქართულ ოცნებას“ დაპირებებით არჩევნების მოგების შანსი აქვს ნული. შანსები არის დამოკიდებული საარჩევნო სისტემაზე, ადმინისტრაციულ რესურსებზე და ივანიშვილის ფულზე.
მომავლის პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა ეკონომიკაში არსებობს კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც მოჰყვება კონკრეტული შედეგები. გაზრდილია ბიუროკრატია, უამრავი ადამაინი იღებს ხელფასს იმაში, რომ არაფერს აკეთებს. ვიღაცები ხეირობენ მაგრამ მოსახლეობისთვის არანაირი სიკეთე არ არის. მაგალითად, კულტურის მინისტრი ვითომ კულტურის აღორძინებით, საკუთარ კომპანიებს ამარაგებს სახელმწიფო ბიუჯეტით და ეს არ არის მხოლოდ ერთი შემთხვევა. ფული ვითომ იხარჯება სპორტის განვითარებაში.
მნიშვნელოვანია სოციალური დახმარების პროგრამა, რომელშიც ვხარჯავთ 3,5 მილიარდ ლარს და ეს თანხა მდიდარ ადამაინებზეც ნაწილდება. ეს იყო უგუნური გადაწყვეტილება. დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება და გაუქმება, მიწების გაყიდვის აკრძალვა უცხოელებზე, იყო სრული სისულელე,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მანანა ღოღობერიძე