დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოჯახები მამასა და შვილებს შორის განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულების დღეს აღნიშნავენ. 100 წელზე მეტია, რაც მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყანაში მამის დღეს ყოველი წლის ივნისის მესამე კვირას აღინიშნება. 2016 წელს ეს დღე 19 ივნისს დაემთხვა. გილოცავთ, დღეს მამის დღეა!
მამის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაისახა და მას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. მის წარმოშობასთან დაკავშირებით ორი საინტერესო ისტორია არსებობს.
პირველი ამბავი ქალბატონ გრეის გოლდენს უკავშირდება, რომელიც წარმოშობით დასავლეთ ვირჯინიის შტატიდან იყო. 1907 წელს ვირჯინიაში აფეთქდა ქვანახშირის მომპოვებელი ქარხანა, რომლის დროსაც ოფიციალურად 367 მამაკაცი დაიღუპა. ეს უბედურება ცნობილი გახდა, როგორც „ყველაზე დიდი კატასტროფა ამერიკის ისტორიაში“. იმ წელს 250–ზე მეტი ქალი დაქვრივდა და 1000 მეტი ბავში დაობლდა. გრეისმა, რომელიც თავადაც ობოლი გახლდათ, გადაწყვიტა, რომ საკუთარი ვალი მოეხადა გარდაცვლილი მამის წინაშე და მისი ხსოვნა უკვდავეყო.
მეორე ისტორია, სამოქალაქო ომის ვეტერანის ქალიშვილს, მის დოდს უკავშირდება, რომლის მამამ ცოლის გარდაცვალების შემდეგ ექვსი შვილი მარტომ აღზარდა. 1905 წელს მის დოდი უსმენდა ქადაგებას დედის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და ამ დროს გაანალიზა, რომ საჭიროება მოითხოვდა ადამიანებს დედის დღის მსგავსად მამის დღეც აღენიშნათ.
1972 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რიჩარდ ნიქსონმა, მამის დღე ნაციონალურ დღესასწაულად გამოაცხადა. ეს დღე გარდა ამერიკისა და დიდი ბრიტანეთისა სხვადასხვა დროს იტალიაში, ესპანეთში, უკრაინაში, ინდონეზიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში აღინიშნება.
დღესდღეობით მამის დღის მთვარი დატვირთვა ისაა, რომ გავიხსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან მამები ჩვენს ცხოვრებაში და როგორ გვიძღვნიან ისინი საკუთარ ცხოვრებას.
ნანუკა მაღლაკელიძე