კარგი მახსოვრობა მაქვს. ხშირად ეს ხელს მიშლის, რადგან ჩემი ცხოვრების სამარცხვინო მომენტები სრულიად შეუფერებელ დროს მახსენდება და უკვე მერამდენედ ვდარდობ ამის გამო. სადარდებელი გახსენება კი არა, ის დროა, როცა მეგონა რომ იმაზე უკეთესს ვიმსახურებდი, ვიდრე მქონდა.
ასაკის მატებასთან ერთად მეხსიერება მიუჯობესდება. სკოლაში, მეოთხე კლასში, ზამთრის ცივ დილას ჩამოტარებული ფუნთუშების სუნი და გემო, რომელიც მინდა რომ დამავიწყდეს, მაინც მახსოვს. მთელი ძალით ვცდილობ რომ დავივიწყო, უბრალოდ საშინელება იყო და იმიტომ. მეტროს ესკალატორზე შავგრემანი ბიჭის ღიმილიანი სახის დავიწყება კი არ მინდა. ის ხომ მე მიღიმოდა, იმ ნაცრისფერ დილას, როდესაც დაღლილი მივდიოდი უნივერსიტეტში. პირიქითაც ხდება.
ჩემი მეხსიერების აღდგენას მაშინ ვცდილობ, როცა ეს არაფერში მჭირდება. თავის მოსაჩვენებლად ვმანაჭავ ხოლმე სახეს და დაძაბული თვალებით ვუყურებ წარსულს, იმიტაცია იმისა, რომ ვიხსენებ. არადა მახსოვს, გასახსენებელიც არაფერია.
ჩემი ნათქვამი ყოველი სიტყვა, რომელიც მე ხშირად მახსენებს თავს, სხვებისთვის ტკივილის გასასინჯად, მისაჩვევად და მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად გადამიქცევია. იშვიათად ბედნიერებისთვის. ის შიში, რომელიც ჩემი სხეულის მოწამვლას მოსდევს, მხოლოდ მომდევნო მოწამვლის დროს მახსენდება. ეს ისაა, რასაც მე ვერ ვაკონტროლებ.
უნიკალური მახსოვრობა არ მჭირდება იმის გასახსენებლად, თუ რატომ ვიქცეოდი წლების წინ ცუდად ან კარგად, რატომ შევიჭერი თმები და რატომ ვადანაშაულებდი ყოველთვის სხვებს.
ოცი წელი.ეს არც ისე დიდი დროა, მაგრამ ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ შეცდომები შეცდომებზე დამეშვა. იმისთვისაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ადამიანები დამეკარგა და შემდეგ თავიდან მეპოვა და იმისთვისაც, რომ ახლა ასე აშკარად წერა შემძლებოდა.
ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალია და ოდესმე ცუდი რამ რაც კი მომხდარა შენს ცხოვრებაში ყველაფერი დაგავიწყდებაო. “ამბობენ” -ს მე არ ვუჯერებ და იქნებ სწორედ ამიტომაც არ სურს ჩემი გონებიდან იმას ამოფრენა, რისი გახსენებაც მხოლოდ ნეგატივს იწვევს ჩემში. სისულელეა ეს ფრაზები, ვიღაცამ წლების წინ სადღაც თქვა და ჩვენც იმის მაგივრად რომ ახალი ფრაზებით ვიცხოვროთ, მათ ვიმახსოვრებთ. არადა დასამახსოვრებელი სხვაც ბევრია.
სახის მიმიკები ყველაზე კარგად მამახსოვრდება თურმე. ადამიანების გამოცნობა და მერე იმით ტრაბახი, რომ პირველივე დანახვისთანავე მიხვდით ვინც იყო სინამდვილეში, მხოლოდ ჩვენი უუნარობის დაფარვაში გვეხმარება. წლების მერე ხომ ამას არავინ გაიხსენებს. არავინ, გარდა იმისა, ვისაც ეს ძალაუნებურად ახსოვს.
ცვლილება პროგრესისთვის, რომელიც არ ყოფილა და არც იქნება, მაგრამ ადამიანებს გვაწყობს იმისი მოსმენა, რაც სასიამოვნოა. სიმართლეს უფრო ძნელად ვაღიარებთ, ვიდრე სიცრუით შეფარულ სინამდვილეს. საკუთარ შეცდომებს მაშინ ვხვდებით, როცა გამოსწორების ყველა გზა გადაჭრილია. ვერაფერს ვერ შეცვლი, როცა ცვლილება არარსებული პროგრესისთვისაა მიმართული.
მეუბნებიან, რატომ იცნობო ამდენ ადამიანს, რატომ იცი ვინ ვინ არის და რაში გჭირდება ყოფილი სკოლის დირექტორის ტელეფონის ნომრის ზეპირად ცოდნაო. მახსოვრობა ცუდი რამაა. არ ღირს თავის გაწირვა იმად, რაც თქვენ არ გიმსახურებთ.
ერთხელ წამლის სახელის დამახსოვრება მთხოვეს. მე თხოვნა ორ საათში დამავიწყდა, მაგრამ შვიდი წლის მერეც მახსოვს იმ წამლის სახელი. არც დამავიწყდება.
მეშინია ჩემი თავის.
მე კარგი მახსოვრობა მაქვს.
ერთი სურვილის უფლება რომ მქონდეს იმად ყოფნას ვინატრებდი, ვისაც არაფერი ახსოვს, ბედნიერად ყოფნის გარდა.
წლების მერე ესეც გამახსენდება და კიდევ ერთხელ შემრცხვება საკუთარი თავის, რომ არასდროს ვცდილობდი ვყოფილიყავი უკეთესი, ვიდრე ვიყავი ოდესმე.
მარიამ გვარამია